ფინანსისტ გიგი ბედინეიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის განზრახვაა, საქართველო განსხვავებულ, რუსულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოდელზე გადაიყვანოს.
როგორც ფინანსისტმა BMG-ის „რუსული კანონის“ შეფასებისას განუცხადა, ამ ყველაფრით ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
გიგი ბედინეიშვილი გუშინ, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ "საერთო - სახალხო შეკრებაზე" გაკეთებულ განცხადებებს რეპრესიების დაანონსებად აფასებს.
„იმის საფუძველზე, რაც ბოლო პერიოდში გვესმის, შეგვიძლია ვთქვათ, ცდილობს, რუსეთთან მიმსგავსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოდელზე გადავიდეს. ფაქტობრივად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რეპრესიები დააანონსა გუშინ, როგორც ვნახეთ. რუსული კანონის მიმართულებით იმუშავებს მისი ეს განზრახვა და იმედი ეგაა, რომ პროდასავლური ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი იქნება დათრგუნული და შესაბამისად, ნაკლებ კონკურენციას გაუწევს მას მომავალ არჩევნებში. შესაბამისად, ის მიაღწევს ძალიან მაღალ შედეგს არჩევნებში და ეს მისცემს მანდატს, რომ კიდევ დამატებითი რეპრესიები განახორციელოს. გუშინ ნაციონალური მოძრაობის დასჯაზე საუბრობდა და ის ნაციონალურ მოძრაობაში მოიაზრებს ყველას.
ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ეკონომიკური თვალსაზრისითაც რაღაც გადალაგებას ფიქრობდეს. ეს რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკლებად მიმზიდველს გახდის დასავლური ინვესტიციებისთვის, თუმცა ამის კომპენსირებას შესაძლოა აპირებს რუსეთიდან, ჩინეთიდან ფულის შემოტანით. ხალხს ეუბნება, ეკონომიკური ზრდა გექნებათ, მაცადეთ... კვაზი მონარქია შექმნას თავისი ძალაუფლებისთვის და კიდევ ათწლეულები იყოს საქართველოს სათავეში, რაღაც ასეთ გარიგებას სთავაზობს ქვეყანას. რაც ასევე გულისხმობს უსირცხვილო პოპულიზმს, რევერანსებს ეკლესიასთან. გუშინ, ყველა გამომსვლელი გულზე ხელს იბრაგუნებდა და მართლმადიდებელ ქრისტიანად ცდილობდა თავის წარმოჩენას. ასეთ მოდელს გვთავაზობს. საქართველო არც ისე მიმზიდველი იქნება დასავლური კაპიტალისთვის, თუმცა მიმზიდველი შეიძლება იყოს რუსული, ჩინური თუ სხვა კაპიტალისთვის. თუ ეს ყველაფერი აღსრულდა, სულ არაა აუცილებელი რომ მოკლე და საშუალო ვადაში ეკონომიკური ზრდა ძალიან ცუდი იყოს და ამით შექმნის ილუზიას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა“, - განმარტავს გიგი ბედინეიშვილი.