მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესების ნაწილი სიამოვნებით დააფინანსებდა ოპოზიციას, რომ არ ეშინოდეთ - გიგა ბედინეიშვილი

ბედინეიშვილი

ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, სამომავლოდ, „რუსული კანონის“ მხარდამჭერი ბიზნესმენების დასანქცირება რეალისტური პერსპექტივაა.

BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“, წამყვანის კითხვაზე: MEGOBARI Act-თან დაკავშირებით ჯო უილსონისგან Fox News-ისთვის მიწოდებულ პასუხებში, გაჩნდა ჩანაწერი ბიზნესთან მიმართებითაც, რომ სანქციები გავრცელდეს იმ ბიზნესებზე, რომლებიც მხარს უჭერენ „რუსულ კანონს“. ეს რამდენად რეალისტური შეიძლება იყოს? ფინანსისტი განმარტავს, რომ გარკვეულ ეტაპზე ეს შესაძლებელია.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მიაღწია იმას, რომ ქართული ბიზნესი ოპოზიციას არ აფინანსებს, თუმცა მისი შეფასებით, შედეგების რომ არ ეშინოდეთ, მათი ნაწილი ოპოზიციას სიამოვნებით დააფინანსებდა.

„ეს აბსოლუტურად რეალისტური პერსპექტივაა. გააჩნია, როდის იქნება და რას მოჰყვება. ამის უკანაც სწორი გათვლებია რაღაც თვალსაზრისით. ივანიშვილს მიაჩნია, რომ არჩევნებში მთავარია ფული. მას სურს, რომ ერთადერთი ფული იყოს არჩევნებში და არ სურს, რომ ოპოზიცია იყოს დაფინანსებული საიდანმე. მან მიაღწია იმას, რომ ოპოზიცია ფაქტობრივად არ არის ფინანსირებული ადგილობრივი ბიზნესის მიერ. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნესი შეშინებულია, რომ ოპოზიციას მხარში დაუდგეს. ამ ქვეყანაში მართლა პოლიტიკური თავისუფლება რომ იყოს, გასაგებია, რომ ბიზნესების ნაწილი სიამოვნებით დააფინანსებდა ოპოზიციას, რომ არ ეშინოდეთ რაღაც შედეგების, რომელიც ამას მოჰყვება. ბიზნესის როლი ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია. მოგვწონს თუ არა, ფული, ფინანსირება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია არჩევნების დროს. განსაკუთრებით ის ბიზნესები, რომლებიც მხარს უჭერენ ქართულ ოცნებას, ნამდვილად შეიძლება გახდნენ სამიზნე შემდეგი ეტაპის სანქციების“,- ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები