ერთადერთი ღირებული რამ, რაც შეიძლება ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლას ჰქონდეს, ისაა, რომ ერთმნიშვნელოვნად დასრულდა მისი ორმაგი თამაში - ერთი ხელით დასავლეთთან ინტეგრაციის მხარდაჭერა და მეორე ხელით ამ ინტეგრაციისთვის ძირის გამოთხრა - ასე აფასებს, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილის კონტრაქციაზე გამოსვლას.
კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ მართალია, ქართული საზოგადოება ბოლომდე თანმიმდევრული არ არის ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ კარგად იცის დასავლეთის ფასი და ძალა.
"ასეთი ორმაგი თამაში მას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდებოდა, რათა არ დაეკარგა პროევროპელი ამომრჩეველი (რომელიც, კვლევების მიხედვით, ქართული ოცნების ამომრჩევლების მესამედს მაინც შეადგენს). როგორც ჩანს, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისი ამომრჩევლების ეს ნაწილიც მოათვინიერა და ევროპის/დასავლეთის სისაძაგლეში დაარწმუნა.
ივანიშვილმა დასავლეთი, არსებითად, საქართველოს მტრად გამოაცხადა, ხოლო ყველა, ვინც დასავლეთიდან ფინანსდება - აგენტებად. დემოკრატიის უზრუნველმყოფი ინსტიტუტები ერთი ხელის მოსმით გამოცხადდნენ აგენტურული ქსელის ნაწილად და რეპრესიების სამიზნედ. ის ევროპა, რაზეც ივანიშვილი და მისი მარიონეტები გუშინ საუბრობდნენ, არ არსებობს. ასეთი "ევროპა", ფაქტობრივად, რუსეთია.
ეს ყველამ, ვისაც ამ ქვეყნის ევროპული მომავლის სჯერა, კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ივანიშვილის რეჟიმს არ შეუძლია იყოს თვითკმარი (რუსეთისგან განსხვავებით), მისი რესურსები შეზღუდულია (ადამიანურ რესურსებს ვგულისხმობ და არა ფინანსურს). მართალია, ქართული საზოგადოება ბოლომდე თანმიმდევრული არ არის ევროინტეგრაციის გზაზე (ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი), მაგრამ მან კარგად იცის დასავლეთის ფასი და სიძლიერე. მოლოდინი, რომ ჩვენი საზოგადოება დასავლურ ორიენტაციას დათმობს და ამას შეეგუება, უბრალოდ, არაადეკვატურია", - წერს კაჭკაჭიშილი.