მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავაფუძნებთ სახელმწიფო კომპანიას და დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას - დავითაშვილი

63f369305a737
შოთა ტყეშელაშვილი
20.02.23 16:41
917
საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის სპეციალურ სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებას გეგმავს - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. პროექტში 51% სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა იყოს.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დღესვე საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო. ახალი ინვესტორის შესარჩევად ინტერესთა გამოხატვაც გამოაცხადა. მთავრობის შეფასებით, იქამდე, სანამ ახალი ინვესტორი შეირჩევა, სახელმწიფო პორტის განვითარებაში ინვესტიციებს დამოუკიდებლად განახორციელებს. 

“იმედი გვაქვს, რომ წელს შევარჩევთ დაინტერესებულ კანდიდატებს. პირველი ეტაპის შემდეგ გადავალთ უკვე მეორე ეტაპზე, როდესაც წინადადებების მიღება დაიწყება და დაზუსტდება ისინი, ეგრეთწოდებული RFP ეტაპი, რა დროის განმავლობაშიც ჩვენ უნდა მოვახერხოთ ყველა იმ სპეციფიკური საკითხის განსაზღვრა და დაზუსტება, რაც პარტნიორობის პროცესში იქნება საჭირო. მათ შორის მხარეთა შეთანხმების დოკუმენტი უნდა გაფორმდეს. ეს იქნება პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი, ეს იქნება კონცესიის შესახებ დოკუმენტი და სხვადასხვა დოკუმენტი, რომლის მომზადებაც უკვე მიმდინარეობს ჩვენი სააგენტოს მიერ. პარალელურად, მიმდინარეობს ფინანსური დოკუმენტების განახლება. ასევე მიმდინარეობს ეკონომიკური და სატრანსპორტო კვლევების განახლება. მოხდება იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება და როდესაც გადავალთ წინადადებების მიღების ეტაპზე, ეს დოკუმენტაცია იქნება გამზადებული.

ჩვენი მოლოდინია, რომ წელს შევძლებთ კერძო პარტნიორის შერჩევას პროექტის განხორციელებისთვის.

უახლოეს ხანებში დავაფუძნებთ სახელმწიფო კომპანიას, რომელიც დაიწყებს პროექტის დოკუმენტების განახლებას, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტების განახლებას. მას შემდეგ რაც ტექნიკური დოკუმენტაცია განახლდება და გვექნება სამშენებლო ნებართვები, დავიწყებთ უკვე სამშენებლო პროცესსაც. ჩვენი ვარაუდით მშენებლობის დაწყება მიმდინარე წელს უნდა შევძლოთ.

მიმდინარე წლის ბოლოს, მომდევნო წლის დასაწყისში უნდა დავიწყოთ გზის და რკინიგზის მშენებლობა,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია რა სახსრებით გეგმავს მთავრობა ახალი სახელმწიფო კომპანიის ხარჯების დაფინანსებას, რადგანაც 2023 წლის ბიუჯეტში მსგავსი ჩანაწერი გათვალისწინებული არაა.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან პორტის მშენებლობის გენერალური შეთანხმება 2020 წლის იანვარში, ცალმხრივად გაწყვიტა, რასაც კონსორციუმისა და მისი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა. აღნიშნული დავებით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ხელშეკრულების გაწყვეტა მთავრობის მხრიდან პროექტის წინააღმდეგ წლების განმავლობაში გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა განაპირობა, რამაც პორტის მშენებლობის განვითარების შეფერხება გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები