მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დავაორგანიზებთ მსურველების ჩამოყვანას" - რეგიონებიდან თბილისში საპროტესტო აქციაზე დასასწრებად მიემგზავრებიან

არა რუსულ კანონს

თბილისში დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას რეგიონებიდანაც შემოუერთდებიან. "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად რეგიონებში უკვე მოქალაქეების მობილიზებაა, ისინი მალე დედაქალაქის მიმართულებით აპირებენ გამომგზავრებას. ამისთვის სოციალურ ქსელში სპეციალური ჯგუფიც შეიქმნა, სადაც მოქალაქეები წერენ, ვის რით შეუძლია იმ მოქალაქეების დახმარება, რომლებიც საპროტესტო აქციაზე გეგმავენ თბილისში ჩამოსვლას, იქნება ეს ღამის გასათევი, საკვები თუ მგზავრობის თანხა.

"დღესვე გამოდით ხალხნო, ხვალიდან აუცილებლად გადაკეტავენ გზებს", - წერენ აქტივისტები Facebook-ჯგუფში "დაიტოვე", რომელიც სპონტანურად შეიქმნა და უკვე 60 000-ზე მეტი წევრი ჰყავს.

ჯგუფის შემქმნელები წერენ საორგანიზაციო გეგმის შესახებ:

"გიზიარებთ ჩვენს გეგმას:

1. რეგიონალური ცენტრებიდან დავაორგანიზებთ მსურველების ჩამოყვანას (ტრანსპორტის და სხვა საკითხების ორგანიზება) - მოხდება პასუხისმგებელი პირების დანიშვნა რეგიონების მიხედვით - პასუხისმგებელ პირებთან ერთად მოხდება მსურველების დაბინავება თბილისში - პასუხისმგებელ პირებთან ერთად ასევე მოხდება ანგარიშსწორება ტრანსპორტის ნაწილში

2. შევიძენთ აქციისთვის საჭირო თავდაცვის საშუალებებს, რომელსაც დავარიგებთ ასევე ცენტრალიზირებულად: - კონსულტაციის შედეგად დადგინდება საჭირო საშუალებების სია- აქციის ტერიტორიაზე დადგინდება ადგილები, სადაც ეს საშუალებები გაიცემა

3. დავაკავშირებთ ერთმანეთთან რეგიონებიდან ჩამოსულ აქციის მონაწილეებს, ვისაც სჭირდება დარჩენა იმ ხალხთან, ვინც მათთვის ადგილს გამოყოფს. რასაკვირველია, ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსური რესურსები, რისთვისაც თანხას ასევე მოვაგროვებთ ერთიანად, კონკრეტულ ანგარიშებზე"..

შეგახსენებთ, საპროტესტო აქცია კვლავ 19:00 საათზეა დაგეგმილი.

ცნობისთვის, მთელი ღამე რუსთაველზე "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეები აქციას მართავდნენ. პოლიციის ძალები მათ დაშლას ცდილობდა. ნაცემია არაერთი ადამიანი, მათ შორის ნაცმოძრაობის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო წევრი, თედ ჯონასი. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები. პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაკავებულია 63 აქტივისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები