მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დავარქმევდი გარდამავალ პროცესს“ - რა მოლოდინებია ენერგეტიკულ ბირჟასთან დაკავშირებით?

ნიკოლოზ სუმბაძე

სემეკის ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის, ნიკოლოზ სუმბაძის შეფასებით, ენერგეტიკული ბირჟის გახსნა ენერგობაზრის სრულ დიდ ლიბერალიზაციასთან დაახლოების ეტაპია, რომელიც მოამზადებს ბაზრის მონაწილეებს, რომ ნახონ რა შესაძლებლობები უჩნდებათ ბირჟაზე.

6-ჯერ გადავადების შემდეგ, ელექტროენერგიის ბირჟა ეტაპობრივად 1-ელი ივლისიდან გაიხსნება. ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.

როგორც ნიკოლოზ სუმბაძემ BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა, ბაზრის მონაწილეების გარკვეული რაოდენობა პროცესში აქტიურად ჩართვას გეგმავს.

„რა თქმა უნდა, ბაზრის მონაწილეების დაინტერესება არის, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ეს არის ნებაყოფლობითი, რომ მათ თვითონ გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ბირჟაზე შესვლა. ბაზრის მონაწილეების გარკვეული რაოდენობა გეგმავს, რომ უკვე ჩაერთოს აქტიურად, თუმცა არიან ბაზრის მონაწილეები, რომლებიც კვლავ დაკვირვების პროცესში არიან, ელოდებიან რა იქნება“,- აღნიშნა სემეკის ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა.

მისი თქმით, კომპანიების კონკრეტული სამიზნე რაოდენობა არ არსებობს და მნიშვნელოვანი ვაჭრობის მოცულობების მიღწევაა.

„მთავარია ის მოცულობები, რა რაოდენობაც შესაძლოა, რომ ივაჭროს ბირჟაზე რამდენად იქნება მიღწეული. თუმცა საწყის ეტაპზე, რა თქმა უნდა, დიდი მოცულობების ვაჭრობას ჩვენც არ ველოდებით. ვფიქრობთ, როდესაც უკვე დასრულდება რამდენიმე თვე, ბაზრის მონაწილეები უკვე დაინტერესებულები იქნებიან და მეტი მოცულობების ვაჭრობა განხორციელდება ბირჟაზე“,- განმარტა ნიკოლოზ სუმბაძემ.

წამყვანის კითხვაზე, ბირჟის ამ ფორმით გახსნა არის თუ არა ერთგვარი კომპრომისი სექტორის მოთამაშეებთან, ნიკოლოზ სუმბაძემ აღნიშნა, რომ ბაზრის სრულ ლიბერალიზაციას ხელი სხვადასხვა გარემოებებმა შეუშალა.

„მე უფრო დავარქმევდი გარდამავალ პროცესს, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობდა სხვადასხვა გარემოებები, რომლებმაც ხელი შეუშალა ბაზრის სრულ ლიბერალიზაციას. შესაბამისად, ეს იყო ის შუალედური ეტაპი, რომელიც აბალანსებდა ბაზრის მონაწილეების ინტერესებს და მეორე მხრივ, ხელს უწყობდა ნაბიჯ-ნაბიჯ, ნაკლები რისკებით, სრული ლიბერალიზაციის პროცესის გაგრძელებას და იმ სამიზნე მოდელამდე მისვლას, რისი ვალდებულებაც საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობიდან გამომდინარე აქვს აღებული“, - თქვა მან და დასძინა, რომ არსებულ გარდამავალ მოდელში მოსალოდნელი არაა ფასის ისეთი რყევები, რომ ზეგავლენა მოახდინოს საბითუმო ბაზრის მონაწილეებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები