სემეკის ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის, ნიკოლოზ სუმბაძის შეფასებით, 1-ელი ივლისიდან ენერგეტიკული ბირჟის ეტაპობრივი, ნებაყოფლობით ამოქმედება ენერგეტიკულმა გაერთიანებამ მეტ-ნაკლებად პოზიტიურად უნდა შეაფასოს.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა, ეს მოდელი არ ჩაითვლება საქართველოს მხრიდან ვალდებულების სრულ შესრულებად, თუმცა პოზიტიურია, რომ გადაიდგა ნაბიჯი და პროცესი მიმდინარეობს.
„მოგეხსენებათ, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება უფრო სამიზნე მოდელის ამოქმედებას უჭერს მხარს იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რაც არსებობს. ამასთან, ენერგეტიკულ გაერთიანებაში უკვე დანერგილია და მიმდინარეობს პროცესი ენერგეტიკული პაკეტის გადმოტანისა, შესაბამისად, არსებული გარდამავალი მოდელი, რა თქმა უნდა, არ ჩაითვლება ვალდებულების სრულ შესრულებად, თუმცა სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯი და მიმდინარეობს გარდამავალი მოდელის გახსნა, რაც, რა თქმა უნდა, პოზიტიური ნაბიჯია და შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ეს მეტ-ნაკლებად პოზიტიურად უნდა შეაფასოს, თუმცა ეს მათი პრეროგატივაა და დაველოდებით, როგორი იქნება მათი პოზიცია“,- განაცხადა ნიკოლოზ სუმბაძემ.
თავის მხრივ სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ფიქრობს, რომ ევროპის ენერგოგაერთიანება პროგრესს ჩაგვითვლის. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.
ცნობისთვის, ენერგეტიკული ბირჟის 6-ჯერ გადავადებას და ასევე, საქართველოს მიერ ენერგეტიკაში სხვა შეუსრულებელ ვალდებულებებს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება სხვადასხვა დროს კრიტიკული განცხადებებით გამოეხმაურა.