მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობ, ენერგეტიკული გაერთიანება პროგრესს ჩაგვითვლის - ნარმანია ბირჟის ნებაყოფლობით გახსნაზე

დავით ნარმანია

„ვფიქრობ, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება პროგრესს ჩაგვითვლის“ - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ წამყვანის კითხვას, რომელიც 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ენერგეტიკული ბირჟის ნაწილობრივ, ნებაყოფლობით ამოქმედებას შეეხებოდა.

საქმე ის არის, რომ ენერგეტიკული ბირჟის 6-ჯერ გადავადებას და ასევე, საქართველოს მიერ ენერგეტიკაში სხვა შეუსრულებელ ვალდებულებებს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება სხვადასხვა დროს კრიტიკული განცხადებებით გამოეხმაურა.

- ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება აკვირდება საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში რეფორმების პროგრესს. მათი ერთ-ერთი აქცენტი შეეხებოდა სწორედ ენერგეტიკული ბირჟის გახსნის რამდენჯერმე გადავადებას, რაზედაც ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის საქართველოში ვიზიტის დროსაც არგუმენტაცია იქნა წარდგენილი - ტურბულენტური გეოპოლიტიკური გარემო, ომი რეგიონში და შედეგად გაზრდილი ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასები. რაც შეეხება მეორე საკითხს, ის ეხებოდა სახელმწიფო ელექტროსისტემის და ენგურჰესის ფუნქციურ ანბანდლინგს (გაყოფა/გამიჯვნას), რაზედაც ეკონომიკის სამინისტროს მომზადებული აქვს მოდელი და ამაზეც იყო კომუნიკაცია ენერგეტიკულ გაერთიანებასთან.

- მოკლედ, ფიქრობთ, რომ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ენერგეტიკული ბირჟის ნაწილობრივ ამოქმედებას ჩაგვითვლის?

- ვფიქრობ, პროგრესს ჩაგვითვლიან და ალბათ დაელოდებიან 2025 წელს, როდესაც ენერგეტიკული ბირჟა სრულად ამოქმედდება, თუმცა ალბათ ეს კითხვა მაინც მათ უნდა დაუსვათ. ჩვენ მათთან კომუნიკაციაში ვართ, რადგან მათი აქტიური მოკავშირე ვართ საქართველოში.

BMG ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ კონკრეტულ პოზიციას 1-ელი ივლისის შემდეგ დააფიქსირებენ, როდესაც ბირჟა ნაწილობრივ ამოქმედდება.

რა სახით გაიხსნება ნებაყოფლობითი ენერგეტიკული ბირჟა? - მთავრობამ ბაზრის წესები დაამტკიცა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები