6-ჯერ გადავადების შემდეგ, ელექტროენერგიის ბირჟა ეტაპობრივად 1-ელი ივლისიდან გაიხსნება. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, ეტაპობრივი გახსნის მოდელის შერჩევა იმ გარემოებებითაც იყო ნაკარნახევი, რომ არ დაზიანებულიყო ეკონომიკა და არ მომხდარიყო ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვანი რყევები, რაც საბოლოოდ ყველა სექტორზე ნეგატიურად აისახებოდა. ამის შესახებ მან სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ელექტროენერგიის საბითუმო ბირჟის ეტაპობრივი გახსნის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბირჟის ამოქმედების შემდგომ ერთი წელი დაკვირვება მოხდება, რათა შემდეგ ეტაპზე გადასვლა ფრთხილად მოხდება.
„ბირჟის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ წარიმართება ბირჟაზე ვაჭრობა, როგორ დაგროვდება კომპეტენციები და უფრო მეტად ვიქნებით მზად მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად. აღნიშნული რეფორმა კომპლექსურია და უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოების, მათ შორის, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს. ამდენად, ჩვენ ვიქნებით ფრთხილი ყოველი მორიგი ნაბიჯის გადადგმისას, რათა საბოლოო შედეგმა ხელი შეუწყოს საქართველოს განვითარებას, გაზარდოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და უზრუნველყოს ქვეყნის ენერგეტიკის მდგრადი განვითარება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა ირაკლი გალდავამ წარადგინა პრეზენტაცია ბაზრის გარდამავალ მოდელთან დაკავშირებით, სადაც ყურადღება გაამახვილა ახალ შესაძლებლობებზე და განმარტა გარდამავალ მოდელში ვაჭრობის ძირითადი პრინციპები. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდება, რაც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე. აქედან გამომდინარე, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გარდამავალი მოდელის ფარგლებში, საბალანსო ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის გაანგარიშება ყოველთვიურად მოხდება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2024 წლის პირველი ივლისიდან ბაზრის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ელექტროენერგიით ვაჭრობა განახორციელონ დამატებით პლატფორმებზე და თავის მხრივ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს „სამიზნე მოდელზე“ გადასვლას.
პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრის მონაწილე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა წარადგინეს თავისი ხედვები ბირჟის გარდამავალი მოდელის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ისეთი მექანიზმების დანერგვის მნიშვნელობას, რომელიც გაზრდის ბირჟაზე ვაჭრობის მოტივაციას. მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, ეტაპობრივად განიხილოს ცვლილებების შესაძლებლობები ბაზრის გარდამავალ მოდელში.
ირაკლი გალდავამ bm.ge-სთან განაცხადა, რომ რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს, კომპანიები ავსებენ განაცხადებს, თუმცა არ დააკონკრეტა, ამ დროისთვის რამდენი კომპანიაა დარეგისტრირებული. მისი ინფორმაციით, ბირჟაზე დარეგისტრირებული კომპანიების სია მათ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.