საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილიც არის.
როგორც დავითაშვილმა ბაქოში ჟურნალისტებთან განაცხადა, დეტალურად მიმოიხილეს ის პერსპექტივები, რომელიც ახალი პროექტების კუთხით ჩნდება, რაც არის დამატებით ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება. ასევე ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც საქართველოში შემოდის აზერბაიჯანიდან და პირიქით. ასევე გვაქვს ჩვენ საერთაშორისო პროექტები, რომელშიც საქართველო და აზერბაიჯანი წამყვან როლს თამაშობენ და ამაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რომ ეს არის მეგა პროექტები აზერბაიჯანისთვის, სადაც საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს არის ძირითადად ენერგოუსაფრთხოებაზე მიმართული პროექტები, რომელიც მათ შორის ევროპულ ენერგოუსაფრთხოებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
ეს არის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მჭიდრო კავშირები, რომელიც კიდევ უფრო აქტუალური ხდება გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შუა დერეფნის განვითარება. დეტალურად მიმოვიხილეთ ის პერსპექტივები, რომელიც ახალი პროექტების კუთხით ჩნდება. ეს არის დამატებით ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობა და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა დავითაშვილმა.