„დავაყენე საკითხი არამარტო ფასების რეგულირების, არამედ მთლიანი ეკონომიკური სისტემის რეორგანიზაციის შესახებ“, - ამის შესახებ შპს „ბარაქას“ დამფუძნებელმა ვაჟა ბერიძემ "ფასების კომისიასთან" მწარმოებლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ვაჟა ბერიძის თქმით, ფასწარმოქმნისა და ფასების რეგულირების საკითხი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„მადლიერება მინდა გამოვხატო ხელისუფლების მიმართ, რომ ძალზე აქტუალური საკითხი წამოჭრა, ფასწარმოქმნა და ფასების რეგულირება. ეკონომისტი ვარ, ეკონომიკის დოქტორი და ეს თემები უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ფასი თვითღირებულების გარეშე არ არსებობს და სწორედ მას ეფუძნება. ათეულობით წლების განმავლობაში კატასტროფული მდგომარეობა იყო. ამიტომ დავაყენე საკითხი არა მხოლოდ ფასების რეგულირების, არამედ მთლიანი ეკონომიკური სისტემის რეორგანიზაციის შესახებ“, — განაცხადა ბერიძემ.
მისი თქმით, ლიბერალურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, როგორც საქართველოში, ისე გლობალურად, საკუთარი რესურსი ამოწურა. „ლიბერალური პოლიტიკა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ-შიც, შეიცვალა. საჭიროა ანალიტიკური ჯგუფების შექმნა და სისტემური მიდგომა“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის არსებულ მნიშვნელოვან სხვაობას ძირითადად სადისტრიბუციო კომპანიებისა და სუპერმარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. 2026 წლის 5 იანვარს კი სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია ოფიციალურად შეიქმნა.
20 იანვარს გაიმართა სამთავრობო კომისიის პირველი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი გახდა, რომ საკოორდინაციო კომისია იმუშავებს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ასევე აღინიშნა, რომ კომისია მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.
21 იანვარს "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. მიმდინარე კვირაში უნდა გაიმართოს შეხვედრები საწვავის და წამლის კომპანიებთან.




























