მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით კეზერაშვილი რუსეთის მიერ მის დაუსწრებლად დაპატიმრებას ეხმაურება

დავით კეზერაშვილი

დავით კეზერაშვილი რუსეთის მთავრობის მიერ მის დაუსწრებლად დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს რუსული მთავრობა 12 წელია ცდილობს მის დისკრედიტაციას და განეიტრალებას.

"შევიტყვე ჩემი რუსეთში დაუსწრებლად "დაპატიმრების” ამბავი. ე.წ. საქმის” დეტალები არც ვიცი და არც აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა, რა შეთხზეს ამჯერად ჩემი დევნისა და დისკრედიტაციისთვის.

რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მესმის, რომ რუსეთის დანაშაულებრივი ხელისუფლების და მათი მარიონეტების მტერი ვარ და ასეთად დავრჩები მომავალშიც.

საქართველოს რუსული მთავრობა 12 წელია ცდილობს ჩემს დისკრედიტაციას და განეიტრალებას. აღძრეს არაერთი საქმე საქართველოში. აწარმოეს გაშავების კამპანიები ქვეყნის შიგნით და გარეთ. ახლა, როგორც ჩანს ,,უფროსი ძმაც” მოიხმეს დასახმარებლად.

საყურადღებოა, რომ ეს ბოლო ქმედება რუსეთის მხრიდან, საეჭვოდ ემთხვევა "ქართული ოცნების" მიერ 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ცნობილ დაანონსებას.

შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ყველა ეს მცდელობა ამაოა. თავისუფალი სამყარო აუცილებლად გაიმარჯვებს", - წერს სოციალურ ქსელში დავით კეზერაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს თაღლითობას ედავება.

დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2012 წლიდან, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ კეზერაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. საქართველოს სახელმწიფოს მიერ ყოფილი მინისტრი ძებნილად არის გამოცხადებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები