"საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა ლიცენზიის გადაყიდვას ითვალისწინებს, მაგრამ ლიცენზიის მფლობელი და შეძენის მსურველი ვალდებულები არიან, ამის შესახებ განაცხადი გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაარეგისტრირონ.
ამის შესახებ ნინო ჩხობაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
საქმე ის არის, რომ მოძრაობა „რიონის ხეობის დასაცავად“ რაჭის ტყეებში, ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანია ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის“ გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაუქმებას გარემოს დაცვის სამინისტროსგან საპროტესტო აქციებით მოითხოვენ. აქტივისტებმა 25 ნოემბერსაც დიდი აქცია დააანონსეს, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს განცხადებით, ინვესტორის მიერ საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ლიცენზია, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლომდე გაუქმდება და იქ ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნება, თუმცა აქტივისტები ეჭვობენ, რომ დავით ხიდაშელმა, შესაძლოა, 49-წლიანი ლიცენზია გადაყიდოს ან/და ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ მფლობელები შეეცვალოს.
გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე ირწმუნება, რომ მოცემულ სიტუაციაში, როდესაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანიის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო, რომლის შედეგი დიდი ალბათობით, ლიცენზიის გაუქმება იქნება, ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ ლიცენზიის გადაყიდვას ვერ მოახერხებს.
ლიცენზია მარტივად ვერ გადაიყიდება; ჩვენი კანონმდებლობა ლიცენზიის გადაყიდვის საშუალებას იძლევა, მაგრამ ამას სჭირდება გარემოს ეროვნული სააგენტოს თანხმობა და შესაბამისი რეგისტრაცია გამყიდველსა და პოტენციურ მყიდველს შორის. ამასთან, ვინაიდან ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესი დაწყებულია, ლიცენზია ვერ გადაიყიდება და შესაბამისად, ახალი ლიცენზია ვერ დარეგისტრირდება. მხოლოდ ადმინისტრაციული საქმის წარმოების დასრულების შემდეგ კი, შეიძლება გამოცხადდეს ახალი აუქციონი და ითქვას, რომ გვინდა, სამონადირეო მეურნეობის შექმნა“, - განმარტა ნინო ჩხობაძემ.
ამასთან, გარემოს დამცველი იწონებს გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ რაჭაში, სამონადირეო მეურნეობის ნაცვლად, ახალი დაცული ტერიტორიები შეიქმნება.
„შოვის ტრაგედიამ დაგვარწმუნა, რომ რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნა უფრო უპრიანი იქნება“, - ამბობს ის.