მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოვის ტრაგედიამ დაგვარწმუნა, რომ რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნა უფრო უპრიანი იქნება - ჩხობაძე

მწვანეები

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძის განცხადებით, რაჭის ტყეებისთვის უკეთესია, რომ იქ დაცული ტერიტორიები შეიქმნას. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ მოძრაობა „რიონის ხეობის დასაცავად“ რაჭის ტყეებში, ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანია ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის“ გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაუქმებას გარემოს დაცვის სამინისტროსგან საპროტესტო აქციებით მოითხოვენ. აქტივისტებმა 25 ნოემბერსაც დიდი აქცია დააანონსეს, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს განცხადებით, ინვესტორის მიერ საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ლიცენზია, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლომდე გაუქმდება და იქ ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნება.

„რა თქმა უნდა, ეროვნული პარკის გაკეთება უმნიშვნელოვანესი საკითხია, ამიტომ ჩემთვის ცოტათი გაუგებარია პროტესტის ტალღა, რადგან გარკვეული პროტესტი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დაცული ტერიტორია სარგებელს მოუტანდა თუ არა ქვეყანას; უკაცრავად, მაგრამ საქართველოში უკვე ბევრი ეროვნული პარკია და ყველას გარშემო არსებული ინფრასტრუქტურა მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მომტანია.

ამასთან, ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ რაჭის ტყეებისთვის უკეთესია დაცული ტერიტორიების შექმნა; თავიდანვე იყო დაგეგმილი, რომ რაჭის დაცული ტერიტორიები კიდევ გაფართოვდეს, რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოსისტემისთვის, მთლიანად კავკასიონისთვის და იმ ტრაგედიის შემდეგ, რაც შოვში მოხდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ იქ დაცული ტერიტორიების შექმნა უფრო უპრიანი იქნება, თუნდაც ტურიზმის განვითარებისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ განვითარდეს ახალი ინფრასტრუქტურა; დაცული ტერიტორიების რამდენიმე კატეგორია არსებობს და გააჩნია, რა ზონებად დავყოფთ ეროვნულ პარკებს. როგორც წესი, დაცულ ტერიტორიებზე არის მკაცრი ზონები და ასევე, არის ტრადიციული გამოყენების ზონები - ეს არის ისეთი ტერიტორიები, რომელიც საძოვრად შეიძლება გამოიყენო, ტყის პროდუქტის გამოიტანო, მოთიბო და ა.შ.“, - თქვა ნინო ჩხობაძემ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის, დაცული ტერიტორიების მთლიანი ფართობი 912 ათასზე მეტ ჰექტარია, რაც ქვეყნის ტერიტორიის, დაახლოებით, 13%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები