მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანია რაჭის ტყეების გადაცემაზე სამინისტროს მიმართავს

ხიდაშელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას მიერ რაჭაში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნასთან დაკავშირებით BMG-მ კითხვით კომპანია HG Capra Caucasica-ს დამფუძნებელს, ბიზნესმენ დავით ხიდაშელს მიმართა. როგორც მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, დაცული ტერიტორია უნდა მოეწყოს იმ არეალში, რომელიც გასულ წელს სალიცენზიო პირობებით გადაეცა კომპანია HG Capra Caucasica-ს, თუმცა ამ უკანასკნელმა შესაბამისი ვალდებულებები არ შეასრულა. შესაბამისად, ამჟამად სახელმწიფო აღნიშნული ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას გეგმავს.

BMG-ის მიმართვის საპასუხოდ ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მოგვაწოდა კომპანია HG Capra Caucasica-ს დირექტორის, კახა ამისულაშვილის წერილი, რომელიც 2023 წლის 22 სექტემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას გაეგზავნა. წერილში აღნიშნულია, რომ სამინისტროს მიერ ჯერ კიდევ 2023 წლის 14 სექტემბერს გაკეთებული განცხადება არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგანაც კომპანია ლიცენზიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვერ დაიწყებდა იქამდე, სანამ მას შესაბამისი ტერიტორიები არ გადაეცემოდა, მიწების გადაცემა კი არ მომხდარა. ამასთან, კომპანია მიუთითებს სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც, რომელმაც ამ საკითხზე HG Capra Caucasica-ს არგუმენტები გაიზიარა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ბ-ნ ოთარ შამუგიას

ბატონო ოთარ,

2023 წლის 14 სექტემბერს ტელევიზიებით გასული სიუჟეტებიდან, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ნელი კორკოტაძის განცხადების საფუძველზე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა-ზე" (ს/კ405352363) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე (ონის, ამროლაურის და ლენტეხის სატყეო უბნების ტერიტორია) გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის გადმობარების პროცესი შეჩერებულია, კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო. გარდა იმისა, რომ აღნიშნულის თაობაზე კომპანიას არანაირი ადმინისტრაციული აქტი არ ჩაბარებია, სააგენტოს წარმომადგენლის არასწორმა განცხადებამ, შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას" მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შესახებ, დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება და აჟიოტაჟი გამოიწვია.

საკითხთან დაკავშირებით მოგახსენებთ ფაქტობრივ და მტკიცებულებებზე დაყრდნობილ გარემოებებს:

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 23 მარტის N38/ს ბრძანების შესაბამისად, შპს ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა-ზე (ს/კ405352363) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე (ონის, ამროლაურის და ლენტეხის სატყეო უბნების ტერიტორია საერთო ფართობით - 104 712 ჰა) გაიცა სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია #000009.

მიღებული ლიცენზიის პირობების შესაბამისად, უნდა მომხდარიყო სალიცენზიო ფართობის გადმობარება, რის გამოც 2022 წლის 19 აპრილს, ჯერ კიდევ ვალდებულების შესრულების დაწყებამდე, განცხადებით მივმართეთ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და ვთხოვეთ, მიღება-ჩაბარების პროცედურის დაწყება, რა დღემდე არ მომხდარა.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 16 სექტემბრის N335/ს ბრძანების საფუძველზე, შპს ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა-ზე (ს/კ405352363) გაცემულ სპეციალური ლიცენზია #000009- ში შევიდა ცვლილება და სალიცენზიო ფართობიდან ამოირიცხა რაჭის გეგმარებით დაცული ტერიტორიები 7 436,00 ჰექტარი და სალიცენზიო ფართობად განისაზღვრა 97 276,00 ჰექტარი. ბრძანების საფუძველზე გაიცა ახალი ლიცენზია #000019 (16/09/2022 წ).

რამდენადაც ცვლილება შევიდა სალიცენზიო ფართობში და მიღება-ჩაბარების პროცედურა არც კი იყო დაწყებული, 2023 წლის 16 თებერვალს, წერილობით მივმართეთ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და ვთხოვეთ 2022 წლის 23 მარტის სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია #000009-ს „ქ“ პუნქტით განსაზღვრული, შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას" ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელება 6 თვით, რაც გამომდინარეობდა ლიცენზიის გაცემის (23/03/2022) და ფართობის დაკორექტირებულ თარიღებს (16/09/2022) შორის პერიოდის სხვაობით. აღნიშნული წერილი სხვადასხვა სააგენტოებს გადაეწერა და საბოლოოდ მივიღეთ პასუხი, რომ აღნიშნული საკითხი მათ კომპეტენციას აღემატება.

2023 წლის 19 მაისს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ა(ა)იპ მწვანე ალტერნატივას, ა(ა)იპ რაჭის სათემო ორგანიზაციის, გრიგოლ გაგნიძის, რატი მეტრეველის, ქეთევან ნამგალაძის და გივი ქემოკლიძის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მოსამართლე:ლელა მილდენბერგერი, საქმის # 3/5689-22) აღძრული იქნა სარჩელი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 23 მარტის N38/ს ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნულის შესახებ კი სააგენტოსთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში, რაც ჩვენთვის არ უცნობებია.

2023 წლის 05 ივნისს, მივმართეთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მოთხოვნით, 2022 წლის 23 მარტის სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია #000009-თ განსაზღვრული, შპს ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას ვალდებულების შესრულების გონივრული ვადით გადავადების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (საქმის # 3/5689-22) მიმდინარე დავის დასრულებამდე. პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, რომ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის წარდგენა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შეუძლებელი იყო (ფართობი შეფ ფაილებით არ არის დაზუსტებული (არ გაკეთებულა კორექტირებული ფართობის დაზუსტება), არ არის გადმობარებული სალიცენზიო ფართობი, მიმდინარეობს დავა ლიცენზიის ბათილად ცნობის შესახებ. მართვის გეგმა კი თავისთავად გულისხმობს, სალიცენზიო ფართობზე, ლიცენზიით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების გრაფიკს, ვადების და პერიოდების მითითებით), სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცა შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა" და მიმართა სასამართლოს კომპანიის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 66 მუხლის მესამე ნაწილით, ორი სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად (მართვის გეგმის და ანგარიშგების წარუდგენლობა), ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 66 მუხლის მესამე ნაწილით დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოება ორივე ეპიზოდზე უნდა შეწყვეტილიყო, იმ მთავარი გარემოების გამო, რომ კომპანიის მიერ ვალდებულების შესრულება არ დამდგარა სალიცენზიო ფართობის გადაუბარებლობის გამო, რასაც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დადგენილების მერვე მუხლის 4-ე პუნქტი. სასამართლოს 2023 წლის 04 ივლისის საქმის წარმოების შესახებ დადგენილების გასაჩივრების ან მისი გაუქმების შესახებ ჩვენთვის ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ნელი კორკოტაძის განცხადების შესაბამისად, გადმოგვცეთ დასაბუთებული ადმინისტრაციული აქტი, შპს ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა-ზე (ს/კ405352363) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე (ონის, ამბროლაურის და ლენტეხის სატყეო უბნების ტერიტორია) გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის გადმობარების პროცესის შეჩერების შესახებ, თუ აღნიშნული არ არსებობთ, გთხოვთ, წერილობით გვაცნობოთ რის საფუძველზე გაკეთდა აღნიშნული განცხადება.

ამასთან, მოგმართავთ თხოვნით, დაავალოთ შესაბამის სააგენტოს, გონივრულ ვადებში მოხდეს ლიცენზია #000019 (16/09/2022 წ)-თ განსაზღვრული სალიცენზიო ფართობის გადმობარება, რათა შევძლოთ ამავე ლიცენზიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დაწყება”, - ნათქვამია წერილში, რომელიც 2023 წლის 22 სექტემბრით თარიღდება.

უფრო ვრცლად საკითხზე წაიკითხეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები