მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ინვესტიციები უნდა შესრულებულიყო, რომელიც არ შესრულდა - ლევან დავითაშვილი დავით ხიდაშელის კომპანიაზე

პარლამენტში

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რაჭაში, ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანიისთვის ტყით სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ დავით ხიდაშელის კომპანიამ სამონადირეო მეურნეობის განვითარების სალიცენზიო ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც სახელმწიფო განიხილავს, რომ კომპანიას აღარ გადასცეს შესაბამისი სალიცენზიო არეალი და რაჭაში თავად მოაწყოს ახალი ტიპის დაცული ტერიტორია.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, HG Capra Caucasica-ს საკმაოდ მოცულობითი ინვესტიციები უნდა განეხორციელებინა, თუმცა აღნიშნული ვალდებულებები შესრულებული არაა.

კიდე ერთი საკითხი, რაზეც ლევან დავითაშვილმა გააკეთა კომენტარი რიყის ე.წ. დოქებია. ობიექტი დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანიამ 2022 წლის მარტში შეიძინა და ის ვალდებული იყო 36 თვის ვადაში ადგილზე ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანიას ამ ვალდებულებების შესასრულებლად დრო ჯერ კიდევ აქვს.

“რაც შეეხება დოქებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ინვესტორი, ნებისმიერ შემთხვევაში მას მოეთხოვება იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც სახელმწიფოსთან გააჩნია. ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში ჩვენ მოგვიწევს იმ სანქციების ამოქმედება და გამოყენება, რომელიც გვაქვს. ჯერჯერობით ვადა არის.

რაც შეეხება რაჭას, კიდევ ერთხელ მინდა რომ განვმარტო, ტყის გადაცემა და გასხვისება არ ხდება, როდესაც საუბარია სამონადირეო მეურნეობის განვითარებაზე. სანადირო ლიცენზია ნიშნავს ნადირობის, როგორც ბუნებრივი რესურსის მოპოვების უფლების გადაცემას კონკრეტული ვალდებულებების სანაცვლოდ. ეს იყო სანადირო საქმის განვითარებისთვის დაინტერესებულ ინვესტორს შეიძლება მიეცეს კონკრეტულ არეალზე სანადირო უფლება. ეს ითვალისწინებს პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს ინვესტორის მხრიდან. ეს არაა მარტივი, საკმაოდ დიდი ინვესტიციები უნდა განხორციელებულიყო და სამწუხაროდ, როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, ვალდებულებები არ შესრულდა, ამიტომ ისინი იწყებენ სამართლებრივ პროცესს, რაც ასევე ბუნებრივია”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანია სახელმწიფოს ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებაში ადანაშაულებს, ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომლითაც HG Capra Caucasica-ს დირექტორმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები