მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ნარმანია: ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს

ნარმანია
21.11.24 11:26
49

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრა.

„დადებითად ვაფასებ ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობას, ნებაყოფლობითი ვაჭრობის პირობებში და ვფიქრობ, რომ მომდევნო ეტაპზე ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა კიდევ უფრო გააქტიურდება. მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან დღემდე ბირჟაზე რეგისტრირებულია 21 მონაწილე, ვაჭრობა შედგა 17,493.9 მგვტ.სთ-ზე, ხოლო საშუალო შეწონილმა ფასმა შეადგინა 130.54 ლარი/მგვტ.სთ. აღნიშნული დაბალია ესკო-ს საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ფასზე, რომელმაც 2024 წლის იგივე პერიოდში შეადგინა 154.31 ლარი/მგვტ.სთ. ეს კი ცხადყოფს, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით შემთხვევაში ელექტროენერგიის შემსყიდველებმა დაახლოებით 400 000 ლარი დაზოგეს.

რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, შემუშავებულია რიგი რეგულაციები და მიმდინარეობს მუშაობა გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების განცალკევების საკითხებზე, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტით ნაკისრი ვალდებულებები’, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

20-22 ნოემბერს, ქ. თბილისში, 5 მარეგულირებელი უწყების - სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

3-დღიანი კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეები განიხილავენ ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებისა და აღსრულების პოლიტიკის, მომხმარებლის დაცვის ეფექტიან მიდგომებს. საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით მსჯელობენ კარტელებთან ბრძოლის მეთოდებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ანტი-დემპინგური პოლიტიკის მართვის საკითხებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები