საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) ორგანიზებით, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე დებატების ტურნირის ფარგლებში, ქ ზუგდიდში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გახსნა და დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.
„დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან ერთად ვახორციელებთ უკვე მეორე პროექტს, რომელიც მოიცავს სკოლის მოსწავლეებს შორის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მნიშვნელოვან საკითხებზე როგორც მონაწილეთა ინფორმირებულობას, ასევე დებატების სხვადასხვა ტექნიკებით არგუმენტირებულ მსჯელობას. მიმდინარე დებატების ტურნირის ფარგლებში მონაწილეთა მხრიდან გამოიკვეთა ძალიან საინტერესო მოსაზრებები და პოზიციები, სწორი და ენერგეტიკის სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული ხედვები, რაც ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია. ენერგეტიკა, როგორც ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ერთ-ერთი წამყვანი დარგი, საჭიროებს მუდმივ განვითარებასა და სწორი მიდგომების ჩამოყალიბებას საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია, რომ საფუძვლიანად იყოს გააზრებული, თუ რატომაა საჭირო განახლებადი ენერგიის განვითარება, როგორ უნდა შეეწყოს ხელი ენერგოეფექტურობის საკითხებს. დებატების საშუალებით ყალიბდება ის ჭეშმარიტი ღირებულებები და მოსაზრებები, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს სწორი ხედვების ჩამოყალიბების ფუნდამენტს“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბერიძე და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის თავმჯდომარე, თინათინ ცერცვაძე. მათ დებატების პროექტის მნიშვნელობასა და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ზუგდიდის, ხობის, ჩხოროწყუს, ფოთის მუნიციპალიტეტების დებატების კლუბების 100-მდე მასწავლებელი და მოსწავლე.
სემეკისა და დებატების ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივა პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება. მასში მონაწილეობას იღებს საქართველოს მასშტაბით 800-ზე მეტი საჯარო სკოლის მოსწავლე.
პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას, კონსტრუქციული მსჯელობის, არგუმენტაციის უნარის, მასალების მოძიების, ორატორობის, გუნდური მუშაობის, დროის მენეჯმენტის ჩვევების ჩამოყალიბებას.