"გიორგი გახარიას პოზიცია არის ძალიან მკაფიო, რომ ჩვენ ფონდის ძალიან სერიოზული, სტრუქტურული რეფორმირება გვჭირდება,“ - ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა.
როგორც საგანელიძე აღნიშნავს, ის თანამდებობაზე მოსვლის დღიდან საპარტნიორო ფონდის რეფორმირების საჭიროებაზე საუბრობს.
„სამწუხაროდ, წინა პრემიერების პერიოდში ეს საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგა იმიტომ, რომ აზრთა სხვადასხვაობა იყო. ბუნებრივია, ეს ნორმალური პროცესია. ძალიან მიხარია და იმედი მაქვს, რომ გიორგი გახარიას პოზიცია არის ძალიან მკაფიო, რომ ჩვენ ფონდის ძალიან სერიოზული სტრუქტურული რეფორმირება გვჭირდება. ალბათ ეს უახლოეს ხანებში ახალი პრემიერის და ახალი ბორდის პირობებში გადაწყდება", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
ცნობისთვის: 2019 წლის ზაფხულში, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში საპარტნიორო ფონდის შეფასებისას განაცხადა, რომ უწყება არაეფექტურია და მისი შედეგიანობა დაბალია. ამ განცხადებიდან რამდენიმე კვირაში საპარტნიორო ფონდს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესტუმრა, თუმცა ვიზიტის მიზანი და დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საქართველოს მთავრობას დაქვემდებარებულმა სახელმწიფო კომპანიებმა საქმიანობა 805,335,800 ლარის ზარალით დაასრულეს - ამის შესახებ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის დანართიდან ხდება ცნობილი. ჯამურად, ყველაზე მსხვილი - 609 მილიონი ლარის ზარალი საპარტნიორო ფონდს ჰქონდა. საპარტნიორო ფონდი დღეს საქართველოს რკინიგზის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, სახელმწიფო ელექტროსისტემისა და ესკო-ს 100%-იან წილს ფლობს.




























