მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავით სონღულაშვილის პირველი კომენტარი პლასტიკით სასმელების რეალიზაციის აკრძალვაზე

დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი პლასტიკის ბოთლებით სასმელების რეალიზაციის აკრძალვაზე მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, პლასტიკის გამოყენების შეზღუდვა ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პლასტიკის ნარჩენები დღეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა როგორც გარემოს დაცვის, ისე ჯანმრთელობის კუთხით.

„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის პლასტიკი უდიდესი გამოწვევაა. ყოველწლიურად 6000 ტონაზე მეტი პლასტიკის ნარჩენი რჩება ქვეყანაში, რაც 600 მილიონზე მეტ ერთეულს შეადგენს. შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ერთის მხრივ ნარჩენების მართვის ნაწილში, მეორეს მხრივ, ჯანმრთელობის კუთხით. სწორედ ეს ორივე მიმართულება იყო მოტივატორი, რომ ამ მიმართულებით რეფორმები განხორციელებულიყო“, - განაცხადა მინისტრმა.

სონღულაშვილი, თავისი მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის მსგავსად იძახის, რომ აღნიშნულ საკითხზე ბიზნესთან კონსულტაციები უკვე გაიმართა და კერძო სექტორი ცვლილებებს შეძლებს მოერგოს.

„როდესაც ერთი მიმართულება იცვლება, იქვე აუცილებლად ჩნდება სივრცე და შესაძლებლობა ახალი მიმართულებების განვითარების. ბიზნესი ყოველთვის ახერხებს ადაპტირებას და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც მისი მიდგომა პასუხისმგებლიანია გარემოს მიმართ. ვფიქრობ, ბიზნესს ექნება შესაძლებლობა იზრუნოს გარემოზე, რაც ყოველთვის გამოარჩევდა ქართულ ბიზნესს“, - აღნიშნა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა პლასტმასის ბოთლებითა და შეფუთვით საცალო ქსელებში სასმლისა და საკვების გაყიდვის აკრძალვას გეგმავდა. მაშინ BMG-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, რომ მთავრობის დადგენილების პროექტით, 2027 წლის 1 თებერვლიდან პლასტმასის მასალაში შეფუთული სურსათის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება აიკრძალებოდა. მაშინ ითქვა, რომ დადგენილება ეხებოდა არა მხოლოდ სასმელს, არამედ ნებისმიერი კატეგორიის სურსათს. თუმცა, აკრძალვა არ გავრცელდებოდა მზესუმზირის ზეთსა და 10 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები