მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს დავით ტაბიძეს 300 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ტაბიძეს თანხის გადასახდელად 30 დღე მისცეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ასევე აეკრძალა საზღვრის კვეთადა და ჩამოერთვა პასპორტი.
27 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავა. მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ტაბიძის დაკავება კომპანია "ლაგი კაპიტალს“ უკავშირდება. ამ საქმეზე დაკავებულები იყვნენ, თუმცა შემდეგ გირაოთი გათავისუფლდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი.
"გამოძიებით დადგენილია, რომ ისინი ფლობდნენ ინფორმაციას, რომ შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ტაბიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ-ის ხელმძღვანელად 2021 წლის სექტემბერში დაინიშნა და თანამდებობას 2025 წლის მაისამდე იკავებდა. მისი თანამდებობაზე ყოფნა ემთხვევა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად ირაკლი ქარსელაძის მუშაობას. ახალმა მინისტრმა რევაზ სოხაძემ მისი შემცვლელი 6 მაისს წარადგინა.



























