მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა

624a98dc7abb4
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.22 11:04
1888
დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა. საქართველოს მთავრობაში დღეს განხორციელებული ცვლილებების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მთავრობის შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილება განვახორციელეთ. ვიცე-პრემიერი და საქართველოს საგარეო მინისტრი დავით ზალკალიანი დაინიშნა საქართველოს სრულუფლებიან ელჩად აშშ-ში. 

მინდა, პირველ რიგში ბატონ დავითს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის, მას აქვს უზარმაზარი გამოცდილება. 30 წელია ემსახურება ჩვენს ქვეყანას, მის მშობლიურ უწყებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობაზე და მას პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მონაწილეობა მიღებული ამ 30 წლის განმავლობაში. ჩვენი მთავრობის დროს, მოგეხსენებათ ბატონი დავითი ჯერ იყო მინისტრის მოადგილის, შემდეგ კი მინისტრის რანგში, მონაწილეობდა - იქნებოდა ეს ევროკავშირთან ინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია, თუ სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე. ჩვენი გუნდის და მთავრობის სახელით, პირადად ჩემი სახელით მინდა, მადლობა გადავხადო კიდევ ერთხელ და ვუსურვო წარმატება მის შემდგომ საქმიანობაში. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია, როცა ჩვენ, ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სურვილი არის კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და მჯერა, რომ დათო ამას წარმატებით შეძლებს,“- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას დავით ბაქრაძე იკავებდა. თუმცა დაახლოებით ერთი თვის წინ მას ვადა ამოეწურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები