მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“დავიწყეთ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის პროგრამა” - აზარაშვილი

მინისტრი

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის პროგრამა მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას ესპანეთის “ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში”, ისრაელის “თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრსა” და თურქეთის “ანადოლუს სამედიცინო ცენტრში” სახელმწიფო სრულად აფინანსებს. 

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, თურქეთში,  “ანადოლუს სამედიცინო ცენტრში”, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის პროგრამის ფარგლებში მყოფი არასრულწლოვანი ბავშვები მოინახულა. პროგრამის ფარგლებში, საქართველოდან საზღვარგარეთ უკვე 10 ბავშვი გაემგზავრა, 2-მა შესაბამისი სერვისი უკვე მიიღო და ქვეყანაში დაბრუნდა. 7 პაციენტი თურქეთში მკურნალობას განაგრძობს, ერთი კი ისრაელში, “იხილოვის სამედიცინო ცენტრში” მკურნალობს.

“დავიწყეთ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის პროგრამა საზღვარგარეთ და დღეისათვის მშობლებს შეუძლიათ თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის კლინიკებში უმკურნალონ ბავშვებს, ამასთან, მოვინახულეთ ჩვენი პატარა პაციენტები, ვნახეთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე ვნახეთ, თუ როგორ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში მკურნალობენ, ვფიქრობ, ეს არის იმის გარანტია, რომ ამ ბავშვებს მაღალი დონის მკურნალობა მიეწოდებათ და ძალიან მალე გამოჯანმრთელებულები დაუბრუნდებიან საქართველოს”, - აღნიშნა მინისტრმა.

საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოს, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. ცენტრში, ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს.

“მნიშვნელოვანია ის პროგრამა, რომელიც საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით დავიწყეთ, ამ პროგრამას ძალიან მოკლე ვადაში განვახორციელებთ. საქართველოში შეიქმნება შესაბამისი ონკოლოგიური ცენტრი, სადაც პაციენტებს ვუმკურნალებთ თანამედროვე სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ექიმების დახმარებითა და მაღალტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით, ეს კლინიკა რამდენიმე წელში დასრულებული იქნება”, - დასძინა აზარაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პროგრამა, თითოეულ ბენეფიციარს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის, სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში პროტონოთერაპიას. "ანადოლის სამედიცინო ცენტრისა" და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც 0-იდან 18 წლამდე ასაკის, სოლიდური სიმსივნისა და ონკოჰემატოლოგიური პაციენტების მკურნალობას გულისხმობს. პაციენტები, ჯიბიდან დანახარჯის გარეშე, ჯანდაცვის სამინისტროს ანაზღაურებით, იღებენ ყველა ტიპის მომსახურებას. თვითონ კლინიკას ჰყავს მრავალწლიანი გამოცდილების, წამყვანი და ძლიერი ექიმები, ამ დარგში, მთელს თურქეთში და ძალიან ძლიერი მთლიანი გუნდი, რომელიც საქართველოდან ჩამოსულ პაციენტებს უწევენ დახმარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები