დავოსის 2025 წლის მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ფორუმზე და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ირაკლი კობახიძე არ მიიწვიეს.
bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც თებერვალში გასამართ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა, თავდაპირველად არ განუმარტავთ მიზეზი.
დამაზუსტებელი კითხვის პასუხად კი, ადმინისტრაციამ მოგვწერა, რომ მიწვევა არც დავოსიდან და არც მიუნხენიდან არ მოსულა.
ეს იქნება პირველი შემთხვევა ბოლო ოცწლეულში, როცა საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეული არ არის.
გასულ წელს, პრემიერის პოსტის დატოევებამდე ერთი თვით ადრე, დავოსში იმყოფებოდა ირაკლი ღარიბაშვილი და მონაწილეობა მიიღო „ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ" - ამ სახელწოდების დისკუსიაში.
დავოსის კონფერენცია 20-24 იანვარს ჩატარდება. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი წელს 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი.
შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.