მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავოსის “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” მთავარი თემა კლიმატის ცვლილებაა

wef

შვეიცარიის ქალაქ დავოსში ყოველწლიურმა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) სტარტი 16 იანვარს აიღო და განსახილველ საკითხებს შორის მოწინავე ადგილზე კლიმატის ცვლილება მოექცა.

გაეროს კლიმატის სამიტის შემდეგ კიდევ უფრო გამოიკვეთა, რომ მსოფლიო ლიდერები და ბიზნესები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგანან: გასულ კვირას დადასტურდა, რომ 2023 რეკორდულად ცხელი წელი იყო და პლანეტის საშუალო ტემპერატურის 1.5 გრადუსზე ნაკლებად ზრდა, თითქმის, დაუძლეველ სირთულედ რჩება. შესაბამისად, დავოსში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ამ თემას ყურადღების ეპიცენტრში ხშირად შევხვდებით.

WEF-ის გლობალური რისკების ანგარიშის თანახმად, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, მსოფლიოს მთავარი რისკი კლიმატის ცვლილებაა. მომდევნო 10 წლის ყველაზე მწვავე რისკების ჩამონათვალში ნახევარი სწორედ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევებია, როგორებიცაა დედამიწის სისტემების კრიტიკული ცვალებადობა, ექსტრემალური ამინდები, ეკოსისტემის კოლაფსი, ბუნებრივი რესურსების დეფიციტი და სხვა. სწორედ ამიტომ, პანელური დისკუსიების გახსნისთანავე WEF-ის დამფუძნებელმა დელეგაციებს კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

დეკემბერში COP28 სამიტზე დამსწრე ქვეყნებმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და განახლებადი ენერგიის მოცულობების გასამმაგებასა და წიაღისეული საწვავის ჩანაცვლებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ეკონომიკურ ფორუმზე ეს ქვეყნები უკვე მეორედ შეიკრიბებიან და გრძელვადიან გეგმაზე იმსჯელებენ, რომელიც 2050 წლისთვის დედამიწას ნახშირბად-ნეიტრალურს გახდის და განვითარებად ქვეყნებს სუფთა ენერგიაზე, საკვებსა და სასმელ წყალზე იაფ, უსაფრთხო და ინკლუზიურ წვდომას მისცემს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, დავოსის ეკონომიკური ფორუმი წლებია როგორც “გლობალური ელიტის” პრობლემების სიმბოლური გამოსახვა კრიტიკის ეპიცენტრში ექცევა. კლიმატის აქტივისტები პოლიტიკოსებსა და პლანეტის წამყვან ბიზნესმენებს კლიმატურ კრიზისთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად არ ენდობიან. მათ სჯერათ, რომ ფორუმზე წარმოდგენილი პირები პლანეტის განადგურებაში თავად არიან პასუხისმგებლები. ფორუმის დაწყებამდე დავოსში ასობით აქტივისტმა საპროტესტო აქციები უკვე გამართა.

დავოსის “მსოფლიო ეკონომიკის ფორუმს” ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ესწრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები