„დავიჯეროთ, რომ ყველას გვინდა საუკეთესო ბახმაროსთვის და დავუშვათ პრეცედენტი, როდესაც ერთობლივი ძალებით, გადავწყვეტთ თუ რა არის განვითარების საუკეთესო გზა ბახმაროსთვის,“ - ეს განცხადება „საქმიანი დილის“ ეთერში, „ურბანული განვითარების ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა, ინვესტორი კომპანიის მისამართით გააკეთა.
ანი ბიბილაშვილი კომპანია „ორბი ჯგუფს“ პროცესების განხილვაში პროფესიული წრეების ჩართვას მოუწიდებს და კონსულტაციების გაწევის ნაწილში მზადყოფნას აფიქსირებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს სადისკუსიო ველი, ეს შეიძლება იყოს ან არ იყოს ტელევიზიაში, კარგი იქნებოდა დღეს „ორბის“ წარმომადგენელი ყოფილიყო აქ, ან არქიტექტორი, რადგან ჩვენც პროფესიული წრეები ღია ვართ იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. ეს მეცნიერებაა, ეს დათვლადია და მსოფლიოს აქვს ათეულობით წლიანი არქიტექტურის გამოცდილება. ამ დროის განმავლობაში რაღაც ვისწავლეთ, თავის დროს შეცდომები ევროპამაც დაუშვა, ჩვენ უფრო ბევრი დავუშვით, ამიტომ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ იმაზე, რაც საუკეთესო გადაწყვეტებს მოუტანს არა მხოლოდ ბახმაროს, არამედ კომპანიასაც.
ვფიქრობთ, რომ გენერალურ გეგმაში უნდა ყოფილიყო მცირე ჩანაწერი გარკვეული შეზღუდვა ერთ საკითხთან მიმართებით, მაგალითად, თეორიულად თუ ავიღებთ, რომ ვთქვათ 20 ჰა-ს გავაერთიანებთ და ეს იქნება სამშენებლო მოედანი, ის გამოიწვევს ხუთჯერ დიდ შენობას, რომელიც ასევე ჩაჯდება გენერალურ გეგმაში. ეს შეზღუდვა უნდა არსებობდეს. ძალიან მარტივად შეუძლია ეკონომიკის სამინისტროს ამის განხორციელება, უნდა მოხდეს გარკვეული რევიზია და ის გამორჩენები რაც არსებობს და რაც უშვებს ბახმაროსთვის შეუსაბამო ნაგებობების გაჩენას, ასეთი შეზღუდვა გაჩნდეს.
მეორეა, რომ განაშენიანების რეგულირების ნაწილი შემუშავდეს თავიდან პროფესიონალების ჩართულობით. ძალიან კარგ არქიტექტორს შეხვდებით საქართველოში, რომლებიც მზად არიან გაუწიონ კონსულტაცია კომპანიას, მზად არიან დაეხმარონ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, შეხვდნენ და იმსჯელონ საზოგადოებასთან ერთად. დავიჯეროთ, რომ ყველას გვინდა საუკეთესო ბახმაროსთვის და დავუშვათ პრეცედენტი, როდესაც ერთობლივი ძალებით, გადავწყვეტთ თუ რა არის ეს საუკეთესო,“ - განაცხადა ანი ბიბილაშვილმა.
ფართო დისკუსიის დაწყება თავის მხრივ დააანონსა კომპანია “ორბიმაც.” როგორც მისი დირექტორი ირაკლი კვერღელიძე Bmg-დან ამბობდა, უახლოეს მომავალში სივრცითი დაგეგმარების სააგენტოსთან ერთად დაიწყება ფართო მსჯელობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბახმაროში არ მოხდეს შემდგომი ქაოსური განაშენიანება.
„უკვე ყველა კოეფიციენტი, რომელიც ამ ტერიტორიებზე იყო მიკუთვნებული, როგორც ინტენსივობის, ასევე K1 კოეფიციენტის კუთხით. გამოყენებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მიწის ნაკვეთზე რაიმე ტიპის მშენებლობა დამატებით შეუძლებელია. მეორე მხარეა ის, რომ ჩვენ სახელმწიფოსთან ასევე ვფიქრობთ, რომ ყველა ის შესაძლო ხვრელი, რომელიც ბახმაროს შემდგომი განვითარების რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, ამოვავსოთ. ამიტომ ჩვენ უახლოეს მომავალში სივრცითი დაგეგმარების სააგენტოსთან ერთად ვხსნით ფართო მსჯელობას სწორედ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბახმაროში არ მოხდეს ქაოსური განაშენიანება,”- განაცხადა კვერღელიძემ.