საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 19 მარტს ბრიფინგი გამართა.
ზურაბიშვილი რამდენიმე საკითხს შეეხო. მათ შორის, ფონდების დაყადაღებას, აქციაზე დაკავებულ ადამიანებს, იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესს და მისი თქმით, გაიგზავნა წერილი ოპოზიციასთან კოორდინაციის ფარგლებში ევროპელ ლიდერებთან, რომლებიც ხვალ ევროპული საბჭოს შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საკუთარი ხელმოწერით ევროპელ ლიდერებს ოპოზიციური პარტიების ერთობლივ წერილს უგზავნის.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, წერილში EU-ს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის განხილვის საჭიროებაზე იქნება საუბარი.
ცნობისთვის, ევროკავშირის 27 ლიდერის სამიტი ბრიუსელში 20-21 მარტს გაიმართება. სამიტის დღის წესრიგის თანახმად უკრაინის და ევროპის თავდაცვისუნარიანობის საკითხების განხილვა იგეგმება.
„იგზავნება ერთობლივი წერილი ჩემი ხელმოწერით ყველა ევროპელ ლიდერთან, რომელიც მონაწილეობას ხვალ და ზეგ დაგეგმილ ევროპული საბჭოს შეხვედრაში მიიღებს, რომლის დღის წესრიგი, ძირითადად, ამ მომენტისთვის ცხადია, უკრაინას, თავდაცვის ახალ პროექტებს და მათ დაფინანსებას ეხება და სადაც არ წერია საქართველო, როგორც დღის წესრიგის ერთი თემა. სწორედ ეს იყო ის, რამაც განაპირობა დღეს ამ წერილის გაგზავნა.
რაც არ უნდა სხვა პრიორიტეტები იყოს და ჩვენთვისაც გასაგებია, რომ დღეს ის სხვა პრიორიტეტები არ ითმენს, ამავე დროს არ შეიძლება, არ იყოს გარკვეული ყურადღება იმის მიმართ, თუ რა ხდება დღეს საქართველოში. რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გაძლიერება თუ გაფართოება და ის, რომ საქართველო ვერ იქნება განხილული, როგორც ცალკე ჩაკეტილი პოლიტიკური კრიზისი - ეს არის ნაწილი იმ კრიზისისა, რომელიც დღეს ევროპას მოიცავს და რომელმაც დღეს უკრაინაში მიიღო სამხედრო ფორმა, მაგრამ საქართველოში არის ჰიბრიდული ფორმით. იგივე აგრესიაა საქართველოს მიმართ... მისი დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, ევროპულობის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ფორმა. ეს არის ბრძოლა, რომელიც გავიდა ჯერ არჩევნების მანიპულაციაზე და შემდეგ იმაზე, რომ დღევანდელი მმართველი რეჟიმი მიდის იმ მიმართულებით, რომ გააუქმოს საქართველოს დამოუკიდებლობა, ევროპულობა და თავისუფლება.
ეს არის ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ არ შეიძლება საქართველოს საკითხი არ იყოს განხილული, როცა დისკუსია იქნება შავი ზღვის შესახებ. შავ ზღვაზე ჩვენ გვაქვს პირდაპირი ინტერესი, რომ იქ უსაფრთხოება გაძლიერდეს. შავ ზღვაზე „ქართული ოცნება“ აპირებს არაგამჭვირვალედ ანაკლიის პორტში შემოიყვანოს ჩინეთი, ასევე ის ფაქტი, რომ რუსები აპირებენ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა გახსნან, იმას მიანიშნებს, რომ უნდათ თუ არ უნდათ, საქართველო არის ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების და თანამშრომლობის საკითხებში. ასევე, როცა საუბარია იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების ბედი, ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაშიც არის ოკუპირებული ტერიტორიები, ვერ იქნება მივიწყებული იმ დროს, როცა მიდის ფართო საუბარი ამგვარ საკითხებზე.
საქართველო არის თემა ევროპისთვის, რაც არ უნდა გამოწვევები არსებობდეს დღეს. ეს იყო ჩვენი წერილის მიზანი. ასევე იქ მოთხოვნა არის, რომ მომავალი ევროპული საბჭოს სხდომის დღის წესრიგში, რომელიც ივნისში ჩატარდება, უშუალოდ იყოს ჩაწერილი საქართველოს საკითხი და მანამდე მზადყოფნა იმის, რომ მეც და კოორდინირებული პოლიტიკური პარტიები ჩავიდეთ და დავესწროთ ევროპარლამენტის სესიას და იქ წარვადგინოთ საკითხები, რომლებიც დღეს ისმება საქართველოში და უნდა იყოს განხილული ევროპელი პარტნიორების მიერ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
"გადაწყვეტილებები, რომელსაც ყოველდღე იღებს დეფექტი ხელისუფლება უდრის ომს საკუთარ ხალხთან. ასე შეიძლება შევაფასოთ გადაწყვეტილებები და ეს ეხება ყველა მიმართულებას. უკანასკნელი და ყველაზე საგანგაშო ეს არის ფონდების დაყადაღება. ეს არის ომი სოლიდარობასთან. ანუ ის, რაც დაიწყო და წარმოადგენს საზოგადოების გამოხატულ სოლიდარობას უდანაშაულოდ დაპატიმრებული, სამსახურიდან გაშვებული, ან დაჯარიმებული ადამიანების მიმართ. წარმოუდგენელია, ეს აქტი იყოს მტრობად მიჩნეული ნებისმიერ ნორმალურ საზოგადოებაში, მაგრამ ვშიშობ, ბოლო მოვლენების ფონზე, ჩვენს ყოფას ვეღარ შევაფასებთ ასე.
ეს გადაწყვეტილება, ძალიან მძიმე სოციალურ ფონს ქმნის საზოგადოების ამ ნაწილისთვის და და ვფიქრობ, უნდა მოვნახოთ სხვა გზები, რითაც დავეხმარებით ამ ადამიანებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
"რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხდება, ეს არის ბუტაფორია"
"ქვეყანა არამხოლოდ იზოლირებულია თავისი პარტნიორებისგან, არამედ ჩაკეტვისკენ მიდის. ის გადაწყვეტილება, რაც იუსტიციის საბჭოს მიმართ იქნა მიღებული, ნიშნავს, რომ სასამართლო უფრო და უფრო იქცევა ბუტაფორიად. ეს ნაბიჯიც აღარ იყო საჭირო იმისთვის, რომ ამაში დავრწმუნებულიყავით. არცერთი ნაბიჯი არ არის ზედმეტი "ქართული ოცნებისთვის" იმისთვის, რომ დაამტკიცოს, რომ ყველაფერი ერთ ხელშია და რასაც უნდა, იმას აკეთებს. ეს არის მათი სისუსტის ნიშანი".
"სინდისის პატიმრები"
"არ დავივიწყოთ სინდისის პატიმრები, რომლებიც არიან ძალიან რთულ პირობებში და რომელთა მიმართაც ახალი ფორმით სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ. ეს არის ყველა ის თემა, რომელიც დღეს არის ძალიან მძიმე ამ ქვეყანაში და რომლის ირგვლივ ახალი კოორდინაცია, რომელზეც ვმუშაობთ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, უნდა იყოს გამოხატული. ეს არის ის თემები, რომლებიც მართლაც გვაერთიანებს ყველას".