მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერით ევროპელ ლიდერებს წერილი გაეგზავნათ - რას ითხოვს მეხუთე პრეზიდენტი?

ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერით ევროპელ ლიდერებს გაეგზავნა წერილი, რომელშიც მოთხოვნილია, რომ საქართველოს საკითხი ხვალ და ზეგ დაგეგმილ სამიტზე ყურადღების მიღმა არ დარჩეს. მისი თქმით, წერილი ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კოორდინაციით მომზადდა. ზურაბიშვილის განცხადებით, მართალია, ახლა პრიორიტეტულ თემას უკრაინა და ევროპის თავდაცვის საკითხი წარმოადგენს, მაგრამ არ შეიძლება საქართველოს საკითხი არ იყოს განხილული, როცა დისკუსია შავი ზღვას შეეხება.

„იგზავნება ერთობლივი წერილი ჩემი ხელმოწერით ყველა ევროპელ ლიდერთან, რომელიც მონაწილეობას ხვალ და ზეგ დაგეგმილ ევროპული საბჭოს შეხვედრაში მიიღებს, რომლის დღის წესრიგი, ძირითადად, ამ მომენტისთვის ცხადია, უკრაინას, თავდაცვის ახალ პროექტებს და მათ დაფინანსებას ეხება და სადაც არ წერია საქართველო, როგორც დღის წესრიგის ერთი თემა. სწორედ ეს იყო ის, რამაც განაპირობა დღეს ამ წერილის გაგზავნა.

რაც არ უნდა სხვა პრიორიტეტები იყოს და ჩვენთვისაც გასაგებია, რომ დღეს ის სხვა პრიორიტეტები არ ითმენს, ამავე დროს არ შეიძლება, არ იყოს გარკვეული ყურადღება იმის მიმართ, თუ რა ხდება დღეს საქართველოში. რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გაძლიერება თუ გაფართოება და ის, რომ საქართველო ვერ იქნება განხილული, როგორც ცალკე ჩაკეტილი პოლიტიკური კრიზისი - ეს არის ნაწილი იმ კრიზისისა, რომელიც დღეს ევროპას მოიცავს და რომელმაც დღეს უკრაინაში მიიღო სამხედრო ფორმა, მაგრამ საქართველოში არის ჰიბრიდული ფორმით. იგივე აგრესიაა საქართველოს მიმართ... მისი დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, ევროპულობის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ფორმა. ეს არის ბრძოლა, რომელიც გავიდა ჯერ არჩევნების მანიპულაციაზე და შემდეგ იმაზე, რომ დღევანდელი მმართველი რეჟიმი მიდის იმ მიმართულებით, რომ გააუქმოს საქართველოს დამოუკიდებლობა, ევროპულობა და თავისუფლება.

ეს არის ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ არ შეიძლება საქართველოს საკითხი არ იყოს განხილული, როცა დისკუსია იქნება შავი ზღვის შესახებ. შავ ზღვაზე ჩვენ გვაქვს პირდაპირი ინტერესი, რომ იქ უსაფრთხოება გაძლიერდეს. შავ ზღვაზე „ქართული ოცნება“ აპირებს არაგამჭვირვალედ ანაკლიის პორტში შემოიყვანოს ჩინეთი, ასევე ის ფაქტი, რომ რუსები აპირებენ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა გახსნან, იმას მიანიშნებს, რომ უნდათ თუ არ უნდათ, საქართველო არის ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების და თანამშრომლობის საკითხებში. ასევე, როცა საუბარია იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების ბედი, ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაშიც არის ოკუპირებული ტერიტორიები, ვერ იქნება მივიწყებული იმ დროს, როცა მიდის ფართო საუბარი ამგვარ საკითხებზე.

საქართველო არის თემა ევროპისთვის, რაც არ უნდა გამოწვევები არსებობდეს დღეს. ეს იყო ჩვენი წერილის მიზანი. ასევე იქ მოთხოვნა არის, რომ მომავალი ევროპული საბჭოს სხდომის დღის წესრიგში, რომელიც ივნისში ჩატარდება, უშუალოდ იყოს ჩაწერილი საქართველოს საკითხი და მანამდე მზადყოფნა იმის, რომ მეც და კოორდინირებული პოლიტიკური პარტიები ჩავიდეთ და დავესწროთ ევროპარლამენტის სესიას და იქ წარვადგინოთ საკითხები, რომლებიც დღეს ისმება საქართველოში და უნდა იყოს განხილული ევროპელი პარტნიორების მიერ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის 27 ლიდერის სამიტი ბრიუსელში 20-21 მარტს გაიმართება. სამიტის დღის წესრიგის თანახმად უკრაინის და ევროპის თავდაცვისუნარიანობის საკითხების განხილვა იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები