დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების განბაჟების ტარიფების ზრდა ავტოდაზღვევას გააძვირებს. ლაშა ნიკოლაძის თქმით, მთავრობის მიერ მიღებული რეგულაცია ავტოპარკის გაახალგაზრდავებას არ შეუწყობს ხელს, რადგან ყველას ახალი ავტომობილის შეძენის შესაძლებლობა არ ექნება, შესაბამისად, ქვეყანაში ახალი ავტომობილების რაოდენობა შემცირდება, რისი გავლენითაც მოსალოდნელია, რომ საქართველოში ავტოდაზღვევა გაძვირდება.
”ჩემთვის ცოტა გაუგებარია რატომ 6 წელი… იაპონურ და კორეულ ავტომწარმოებლებს საგარანტიო ვადა აქვთ ავტომობილებზე უფრო მეტი, ვიდრე 6 წელია. ე.ი ჩვენ საგარანტიო ვადაში მყოფი ავტომობილების შემოყვანა ერთგვარად ავკრძალეთ. რას გამოიწვევს ეს შემდეგი წლისთვის? დაბერდება თუ გაახალგაზრდავდება ქართული ავტოინდუსტრია? თუ მაგალითად გამონაბოლქვში გვქონდა პრობლემა, ტექ-დათვალიერების ანალიზი გააკეთა ვინმემ? თუ ტექ-დათვალიერებისას უთხრეს, რომ გამონაბოლქვი ცუდი აქვს, იქვე ხომ უნდა მომხდარიყო მისი გამოსწორება ან ვერ გაევლო ტექ-დათვალიერება?!
ამასთან და ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, მე ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად ავტოდაზღვევის ფასის ზრდას გამოიწვევს. ეს [რეგულაცია] ნიშნავს იმას, რომ ახალი ავტომობილების რაოდენობა შემცირდება საშუალო ვადაში. შესაბამისად, დაზღვევაც გაძვირდება, სამწუხაროდ”, - აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.




























