მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

DCFTA-ის გადახედვა იქნება ბევრად დიდი ზიანი, ვიდრე დიპლომატიური ცივი შხაპი - ნატა საბანაძის ანალიზი

ნატა საბანაძე

ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის ნატა საბანაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) გადახედვა მარტივი არ იქნება.

„სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, რადგან DCFTA-ის გადახედვა მარტივი არაა“ - აცხადებს დიპლომატი, გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის იმ განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმად, ევროკომისარი საქართველოსთან DCFTA-ის გადახედვას არ გამორიცხავს.

ევროკომისარი საქართველოსთან DCFTA-ის გადახედვას არ გამორიცხავს

ნატა საბანაძეს რთულად წარმოუდგენია, DCFTA-ის გადახედვა, მაგრამ თუ ასე მოხდა, ეს იქნება სერიოზული ზიანი საქართველოსთვის.

„ბევრად დიდი, ვიდრე დიპლომატიური ცივი შხაპი, რადგან DCFTA-ის რეჟიმის გადახედვა მართლა დაუკარგავს ქვეყანას EU-სთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას“ - განაცხადა ყოფილმა ელჩმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.

დიპლომატის განმარტებით, DCFTA-ის შეთანხმება, რეალურად, არის კონტრაქტი, რომელიც ორ მხარეს შორის გაფორმდა და მოიცავს ორმხრივ ვალდებულებებს.

- DCFTA-ის კუთხით საქართველო, რეალურად, ასრულებს ვალდებულებებს ანუ სამართლებრივი ბაზის ჰარმონიზაციისთვის, ნაბიჯები გადაიდგა და DCFTA-ის მოთხოვნების შესრულების კუთხით, ევროკავშირის მხრიდან ყველაზე ნაკლები პრეტენზიაა. მეორე საკითხია ის, რომ არ ხდება DCFTA-ის ბოლომდე ათვისება და ეს უკვე პოლიტიკის შედეგია. შეგახსენებთ, როდესაც DCFTA-ის რეჟიმს ხელი მოვაწერეთ, პარალელურად, ძალიან გააქტიურდა "ოცნების“ მცდელობა, რუსული ბაზარი გახსნილიყო ქართული პროდუქციისთვის. ვიცით, რომ ევროპულ ბაზართან შედარებით რუსულ ბაზარზე შესვლა ბევრად მარტივია; EU კი, სტაბილური და მაღალშემოსავლიანი ბაზარია, რომელსაც წევრი სახელმწიფოები შანტაჟისთვის არ იყენებენ, რასაც რუსეთი აკეთებს - როცა მოუნდება გვიხურავს ბაზარს. სამწუხაროა, რომ ამ ბაზარს ჩამოეკიდა საქართველო. ასევე პარადოქსულია, რომ საქართველოს ექსპორტში ევროკავშირის წილი იმაზე ნაკლებია, ვიდრე DCFTA-ის გაფორმებამდე იყო, რაც ალბათ რუსეთის ბაზრის ფენომენთან და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასთან არის დაკავშირებული.

- DCFTA-ის გადახედვის საკითხი რატომ წამოსწია ევროკომისარმა?

- ამ საკითხის დაყენება არ იქნება მარტივი, რადგან [DCFTA] წევრი სახელმწიფოების მიერაა რატიფიცირებული. [შეთანხმების გადახედვა] იქნება სერიოზული ზიანი ქვეყნისთვის, ბევრად უფრო დიდი, ვიდრე დიპლომატიური ცივი შხაპი, რადგან ეს მართლა დაუკარგავს საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას ევროკავშირთან და მოუწევს, მთლიანად რუსეთის და დსთ-ის ქვეყნებზე გადასვლა... ბოლო პერიოდში ჩინეთის, ინდოეთის და სხვა დიდ ქვეყნებთან [ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე] საუბრობენ „ოცნების“ წარმომადგენლები, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ დიდი ქვეყნების ინტერესს საქართველო სწორედ იმიტომ წარმოადგენს, რომ ევროკავშირთან DCFTA-ის რეჟიმის გვაქვს, თორემ ერთი ბეწო ბაზარი ვართ... ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა არის ძირითადი მიზიდულობის წყარო; თუ ეს დაიკარგა, იქნება დიდი დარტყმა ქვეყნისთვის, მაგრამ ეს ასე მარტივად არ მეჩვენება იქიდან გამომდინარე, რომ ამის მიზეზი არ არის.

EU-ში ექსპორტის წილი ისტორიულ მინიმუმზეა - როგორი იყო საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობა 2024-ში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები