მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

DCFTA-ის გადახედვა, რეიტინგების გაუარესება, სესხის გაძვირება - რა რისკებს ხედავს ალავიძე ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაში?

alavidze

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკა ალავიძეს მიაჩნია, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება მკვეთრად ნეგატიურად აისახება როგორც საქართველოს მოსახლეობაზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკასა და რეპუტაციაზე. ამის შესახებ ალავიძემ BMG-სთან "ქართული ოცნების" იმ გზავნილების შეფასებისას ისაუბრა, რომელთა თანახმადაც ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას მხოლოდ ვიზის რიგში დგომის დისკომფორტამდე მივყავართ.

"ვიცით, რომ ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი შემოსავალი და მშპ-ს მამოძრავებელი ძალა საზღვარგარეთიდან ჩარიცხული თანხებია, რაც წელიწადში $2 მილიარდის ფარგლებში მერყეობს. ეს არის ქართველი ემიგრანტების კონტრიბუცია ჩვენს ეკონომიკაში. ამ ჩარიცხვებიდან 45-50%, თითქმის $1 მილიარდი, ევროპის ქვეყნებიდან მოდის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ [ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შემთხვევაში,] მინიმუმ $400-500 მილიონით შეგვიმცირდება ჩარიცხვები მყისიერად. ეს ძალიან მძიმე დარტყმა იქნება მოსახლეობისთვის და დომინოს პრინციპით აისახება სამომხმარებლო ბაზარზეც, გაართულებს სესხების მომსახურებასაც; გაიზრდება გაფუჭებული სესხების პორტფელიც, რაც გაზრდის წნეხს ლარზეც, რომლის სიმყარეც ბუტაფორიულია და რეალურად ჩვენ ვალუტის შემოდინება გვჭირდება", - განაცხადა ნიკა ალავიძემ.

ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებული რისკები ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მაკროეკონომიკურ ჭრილშიც განიხილა. ალავიძის თქმით, უვიზო მიმოსვლის პრივილეგიის დაკარგვა ევროკავშირთან საქმიანი ურთიერთობების გადახედვას გამოიწვევს.

"ვიზალიბერალიზაცია არ არის მხოლოდ ვიზის რიგში დადგომა, ეს არის დამატებითი ხარჯი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ევროპაში აქვთ საქმე, მცირე ბიზნესების დიდი ნაწილისთვის, ვისაც გაუჭირდება ვიზის მიღება. სავიზო მოსაკრებლის გადახდაც არის ეკონომიკიდან იმ ჯანსაღი ფულადი მასის ამოღება, რომელიც სამომხმარებლო ბაზარს უნდა ხმარდებოდეს. ესეც ძალიან მძიმე იქნება და მყისიერად აისახება ეკონომიკაზე.

ვიზალიბერალიზაცია კომპლექსური პაკეტის ნაწილია, მისი გაუქმება ავტომატურად იწვევს ამ ქვეყნის რეპუტაციისთვის წითელი ხაზის გადასმას. უვიზო მიმოსვლა იმიტომ არ უქმდება, რომ საქართველოდან ათობით მილიონი ბოროტი ემიგრანტი მიაწვა ევროპას და შევავიწროვეთ ისინი, ცუდად ვექცევით... სულ 3.5 მილიონი ვართ, მთელი მოსახლეობაც რომ გაიქცეს, არ გვაქვს იმხელა ნეგატიური გავლენა, რომ ევროპას თავი ავატკიოთ. ვიზალიბერალიზაციის გაუქმება წმინდა პოლიტიკური საკითხია, როდესაც ქვეყანა გახდა ავტოკრატიული, უარი თქვა კონსტიტუციურ უფლებებზე, თავად დაარღვია საკუთარი კონსტიტუცია, ადამიანთა უფლებები ირღვევა და ა.შ. ამით ჩვენ ავტომატურად შეგვეზღუდება საქმიანი ურთიერთობები ევროკავშირთან, ავტომატურად გადაიხედება ჩვენი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, კანდიდატობა, ჩვენი სტატუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მუშაობაში, როცა აბსოლუტური ლიდერები ვიყავით ძალიან ბევრი წლის წინ - მთლიანად ჩაიკეტება ეს სისტემა", - ამბობს ნიკა ალავიძე.

კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც ეკონომისტი გამოყოფს, საქართველოს სუვერენული რეიტინგებია, რომლებიც, უვიზო მიმოსვლის გაუქმების შემთხვევაში, შემცირდება, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის საგარეო ვალის გაძვირებას გამოიწვევს.

"ნიშნავს გაუარესებულ სუვერენულ რეიტინგს, რაც პირდაპირ წერია მარტი-მაისის განცხადებებში Moody's-ის, Fitch-ისა და სხვა ინსტიტუტების ანგარიშებში; მითითება იყო, რომ თუ მოხდებოდა ევროკავშირთან დაშორება, რეიტინგი გადაიხედებოდა ნეგატიური კუთხით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ვალდებულებები, რომელსაც სახელმწიფო იღებს, გაძვირდება მინიმუმ 0.5%-დან 2.0%-მდე შუალედში. ეს დიაპაზონი დიდია, იმიტომ რომ ქვეყნის რისკიანობა შეფასდება ფაქტის სიმძიმიდან გამომდინარე.

წელს გვიწევს 750 მილიონ ევრომდე სესხის და პროცენტის დაფარვა, მომავალ წელს 1.3 მილიარდის დაფარვა პირველივე კვარტალში. სულ რომ არაფერი შეიცვალოს და მიწყნარდეს პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში, საფასო პოლიტიკის გადახედვა მაინც მოხდება, რადგან სესხის აღების მომენტში სხვა სისტემა გვქონდა, ახლა სხვა გვაქვს, შეიცვალა ფასწარმოქმნა. კარგი რეიტინგის შენარჩუნების შემთხვევაში, მცირედით შეიცვლებოდა ფასი, ამ შემთხვევაში კი, თუ ვინმე საერთოდ გაგვიახლებს ამხელა ვალდებულებებს, სესხის მომსახურების კოეფიციენტი შეიძლება 2%-ით გაგვეზარდოს, რაც დიდი წნეხია ბიუჯეტისთვის, ლარისთვის, ეკონომიკისთვის და ა.შ.", - განმარტავს ნიკა ალავიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები