ჯეფ ბეზოსი ოთხშაბათს, პარიზში გამართულ ტექნოლოგიურ გამოფენა VivaTech-ზე წარდგა და განაცხადა, რომ კაცობრიობა მთვარეზე და საბოლოოდ მის მიღმაც უნდა გადასახლდეს - არა მხოლოდ კვლევის მიზნით, არამედ პლანეტის ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის გავლენისგან გადასარჩენად.
Amazon-ის დამფუძნებელმა და Blue Origin-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მძიმე მრეწველობის დედამიწიდან გატანა ერთადერთი სცენარია, სადაც ეკონომიკური ზრდა და გარემოს შენარჩუნება თანაარსებობს.
ბეზოსის თქმით, შესაძლებელია რომ დედამიწა პრეინდუსტრიული რევოლუციის მდგომარეობას დაუბრუნდეს.
"ეს ერთადერთი მიმართულებაა, რითაც დღეს მსოფლიო უფრო უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე 500 წლის წინ... სინამდვილეში ჩვენ შეგვიძლია ორივე გვქონდეს," - თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ ცხოვრების ხარისხი მთელი კაცობრიობისთვის გაუმჯობესდა, მაგრამ ამის შედეგად პლანეტა დაზარალდა.
მისი გზავნილი თანმიმდევრულობასთან დაკავშირებით ცალსახა იყო: მთვარე მარსზე წინ უნდა იდგეს და ამ ეტაპის გამოტოვება შეცდომა იქნებოდა.
ბეზოსის აზრით, მთვარის სიახლოვე მას ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომს ხდის, განსხვავებით მარსისგან, სადაც გამგზავრება მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელაა შესაძლებელი. გარდა ამისა, როგორც Amazon-ის დამფუძნებელი ამბობს, მისი დაბალი გრავიტაცია მთვარეს აუცილებელ სატრანზიტო პუნქტად აქცევს.
მან აღნიშნა, რომ მთვარის ზედაპირიდან მასალების ატანას კილოგრამზე 28-ჯერ ნაკლები ენერგია სჭირდება, ვიდრე დედამიწიდან გაშვებას. ეს მაჩვენებელი მთვარეს არა მხოლოდ დანიშნულების ადგილად, არამედ ღრმა კოსმოსური მისიებისთვის პოტენციურ მომწოდებლადაც აქცევს.
მან "აპოლოს" პროგრამაზეც ისაუბრა: პირველი მთვარეზე დაშვება დროში გეოპოლიტიკამ და საბჭოთა კავშირთან რბოლამ დააჩქარა, რაც აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის 4.5%-მდე ხარჯვით მიიღწეოდა და საბოლოოდ არამდგრადი აღმოჩნდა.
ბეზოსის თქმით, რასაც ახლა Blue Origin-ი ცდილობს, კატეგორიულად განსხვავებულია - ეს არა მეტოქეობით გამოწვეული რბოლა, არამედ აუცილებლობით განპირობებული მუდმივი დასახლებაა.
მისი გრძელვადიანი ხედვა მასშტაბურია: დიდი კოსმოსური საცხოვრებლები, სადაც ათასობით ან თუნდაც მილიონობით ადამიანი ორბიტაზე იცხოვრებს და იმუშავებს; კოსმოსში აშენებული გამოთვლითი ინფრასტრუქტურა; ატმოსფეროს მიღმა გამომუშავებული მზის ენერგია; და სხვა პლანეტებზე დამზადებული ჩიპები, რომელთა მონაცემებიც დედამიწაზე გამოიგზავნება.
"ჩვენ ავაშენებთ კოლონიებს მარსზე და ასე შემდეგ. მთვარე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია" - თქვა მან.




























