მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეესკალაციის სამთავრობო ვერსია არ არსებობს გარდა იმისა, რომ ველოდებით აშშ-ს ადმინისტრაციას - ბესო ორთოიძე

არსი

"არსის" გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე აცხადებს, რომ გუშინ, პრემიერის ბიზნესთან შეხვედრაზე, ვერ მოისმინა დეესკალაციის მთავრობისეული ხედვა.

როგორც მან შეხვედრის შეფასებისას BMGTV-ს გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, იყო საუბარი კვლავ იმაზე, რა განცხადებებიც საჯაროდ კეთდება მთავრობისგან ტრამპის ინაუგურაციის მოლოდინის შესახებ.

“მგონია, რომ შექმნილ სიტუაციაში ყველამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს და მცდელობა არავინ დავაკლოთ. რადგან შეხვედრაზე ვიყავით, გვქონდა რაღაცის იმედი, რომ სათქმელს მივიტანდით და ამან შეიძლება რაღაც შედეგი დღეს თუ არა, ხვალ მოიტანოს. სამწუხარო ისაა, რომ არ იყო რაღაც ახალი, გარდა იმისა, რასაც აქამდე საუბრობდნენ. იგივე იყო, უბრალოდ უფრო ვრცლად. მაინც თითქოს რაღაცნაირი ჩიხური სიტუაციაა და რთულად ასახსნელია ის ყველაფერი, რასაც გვეუბნებიან. რაღაც ჩახლართული სქემა, რომელშიც ერთ მხარეს არის მთელი ცივილური სამყარო, აქეთ ჩვენ ვართ, ყველა ჩვენ გვებრძვის და აქედან ერთი გამოსავალი თითქოს არის ტრამპი... არ ვიცი, ერთი თვის მერე რა იქნება და იგივე კითხვებზე თუნდაც რა პასუხის შეიძლება იყოს, თუ რამე არ შეიცვალა. ძალიან რთულია, როდესაც ყველა გზა მიდის იქითკენ, რომ ალტერნატივა ომია, ალტერნატივა არის ნაცების დაბრუნება. ესაა გასააზრებელი, რომ გულწრფელი პროტესტი არსებობს და სხვანაირად არის ალბათ საჭირო ამაზე რეაგირება. ვინც განსხვავებული პოზიცია დავაფიქსირეთ თუნდაც პლატფორმის საშუალებით [freebusiness.ge], ჩავთვალეთ რომ დეესკალაციის ერთადერთი გზა ეს არის. ველოდებოდი, რომ რაღაც ალტერნატივა მაინც იქნებოდა [მთავრობის მხრიდან]. დეესკალაციის სამთავრობო ვერსია არ არსებობს გარდა იმისა, რომ ველოდებით ამერიკის ადმინისტრაციას, გადატვირთვას და ეს რეალობაში როგორ შეიძლება არსებობდეს, ეგეც ცოტა რთული წარმოსადგენია. შეიძლება დეესკალაციის სხვა ვერსია ყოფილიყო, რაღაც დაეთმოთ, თუნდაც პატიმრების განთავისუფლება ხომ ჰუმანური აქტია, ამან შეიძლება დაამშვიდოს სიტუაცია. ბიზნესს არ გვიყვარს პოლიტიკაზე საუბარი, ვერთვებით მხოლოდ როდესაც ეკონომიკური კრიზისის ნიშნები გვაქვს სახეზე და დღეს არის სექტორები, როდესაც უკვე კრიზისი ცალსახად სახეზეა და მეორე თემა არის, როდესაც საგარეო კურსს ეხება და 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია ეს ყველაფერი. პირველ რიგში, ამის აღიარება უნდა მოხდეს და რაღაც ქმედითი ნაბიჯი წამოვიდეს, რაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ჩანს“,- განაცხადა ბესო ორთოიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ყველანაირი კითხვა დაისვა, რაც დღეს საზოგადოებაში არსებობს, თუმცა ხელისუფლება მზად არაა, არსებულ ვითარებას განსხვავებული პერსპექტივით შეხედოს, ამიტომ, ამ ეტაპზე დამატებითი შეხვედრების აზრს ვერ ხედავს.

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ მხოლოდ იმ ნაწილს ესაუბრებიან, რომელიც მათი ამომრჩეველი თუ მომხრეა. მხოლოდ მათთვის გამიზნული მესიჯებია ეს და არა იმ ადამიანებისთვის, ვისაც დღეს რაღაც აწუხებს და პროტესტს გამოთქვამს. ეს პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს. პოლარიზაციის დასრულებისკენ ან შეცვლისკენ არ მიდის ხელისუფლება.

ბიზნესი ყოველთვის მზადაა დიალოგისთვის. [მთავრობა] სხვა წერტილიდან უყურებს ამ ყველაფერს, სხვა რეალობა აქვს, შესაბამისად ყველა კრიტიკული ბიზნესიც რომ დაუჯდეს, ეს პასუხები იმდენად მკაფიოა და ერთ წერტილში მივდივართ, რომ დღეს საუბარს აზრი არ აქვს. შეიძლება, ერთ თვეში განსხვავებული სიტუაცია იყოს, მაგრამ დღეს, არაფრისმომტანი იქნება მათთან დამატებითი შეხვედრა",- განაცხადა ბესო ორთოიძემ.

შეგახსენებთ, 23 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები