2024 წელი ჯამურად თუ შევხედავთ სექტორისთვის წარმატებული იყო - ამბობს „სინომი რითეილის” დირექტორი რეზო მაღალაშვილი. მისი თქმით, გაყიდვების შენელება შეინიშნებოდა წლის ბოლოს, რაც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და მომხმარებლების შეცვლილ განწყობებს უკავშირდებოდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ წინა საახალწლო პერიოდში გააქტიურებული ვაჭრობის ფონზე კომპანიამ გასული წლის დეკემბრის 11 პროცენტიანი ზრდით დასრულება შეძლო, თუმცა მაღალაშვილს უჭირს პროგნოზებზე საუბარი, რადგან ჩვეულ ვითარებაშიც კი იანვარ-თებერვალი ვაჭრობის მხრივ არც თუ ისე აქტიურია.
“2024 წელს დაახლოებით 12%-ით გადავაჭარბეთ, მეორე კვარტალი იყო ყველაზე ძლიერი, დაახლოებით 25%-ით ვაჭარბებდით გასულ წელს, ნოემბრიდან კლება შეინიშნება დინამიკაში, გასაგები მიზეზების გამო მომხმარებლის განწყობა შეიცვალა, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც წარმატებული წელი გამოდგა. თუ მესამე კვარტალში 25%-ით გასული წლის გაყიდვებს, ბოლო კვარტალში დაახლოებით 9-11% იყო ზრდა გაყიდვებში. დეკემბერიც თავდაპირველად სუსტი იყო, ჩამოვრჩებოდით გაყიდვებით 2023 წლის დეკემბერს, თუმცა ბოლო კვირა ძალიან ძლიერი იყო ფასდაკლების პერიოდის გამო, რამაც საბოლოოდ დეკემბერი 11%-იანი ზრდით დაგვახურინა. საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ყველაზე წარმატებული წელი იყო ჩვენი კომპანიის 12 წლიანი მუშაობის განმავლობაში.
პირველი კვარტალის 2 თვე არის ხოლმე პასიური, თუ დინამიკა გაუმჯობესდა, წარმატებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ბოლო კვარტალში მიუხედავად იმისა, რომ ზრდა გვქონდა, ზრდის ტემპი შენელებულია, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ეს შენელება გაგრძელდეს და ოდნავ ჩამოვრჩეთ შარშანდელ მონაცემებს. საქართველოში იმდენად ცვალებადი გარემოა რთულია პროგნოზირება გააკეთო წლიდან წლამდე, შესაბამისად, კონსერვატიული დაგეგმარების მიდგომა გვაქვს, 2025 წელს ზრდას არ ვგეგმავთ, ვფიქრობთ, რომ შარშანდელი წარმატებული წლის განმეორება იქნება კარგი შედეგი.”- ამბობს „სინომი რითეილის” დირექტორი რეზო მაღალაშვილი.