1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე საქართველოს გარკვეულ ტერიტორიებზე ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილება აკრძალული იქნება, - შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები შს სამინისტრომ მოამზადა და მას პარლამენტი განიხილავს. კანონპროექტში ჩადებულია მუხლი, რომლის თანახმად შს მინისტრს აქვს უფლება, ვადა შეცვალოს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კანონდამრღვევი 100 ლარით დაჯარიმდება და ასევე მოაკლდება მართვის მოწმობის ფლობისას განკუთვნილი 5 ქულა.
კანონპროექტის ინიციატორის, შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, რეკომენდაცია იქნება, რომ ზამთრის საბურავები ატარონ მძღოლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა კანონით აკრძალვა შეეხება მთებს და საუღელტეხილო მონაკვეთებს, სადაც როგორც წესი, ზამთარში გადაადგილება რთულდება.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს საბურავების მახასიათებლებს, ასევე ტერიტორიებს, სადაც ეს აკრძალვები გავრცელდება, ხოლო აკრძალვის ზონებში შესაბამისი ნიშნები განთავსდება.
„წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ახალი, მუხლი, რომლითაც განისაზღვრება ზამთრის პერიოდში გადაადგილებისათვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი აღჭურვილი უნდა იყოს ზამთრის საბურავებით.
ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, დაადგინოს ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული პერიოდი. ამავე, მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების არსებობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ დანაყოფს შესაძლებლობა ექნება დააწესოს დამატებითი მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ზამთრის საბურავებთან ერთად არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე დამაგრებული უნდა ჰქონდეს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები. დასახელებული საგამონაკლისო ნორმები იძლევა შესაძლებლობას, კლიმატური პირობების უეცარი ცვლილების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნეს საგზაო უსაფრთხოების დაცვა“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონი მიღების შემთხვევაში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. კანონპროექტის ავტორია შს სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.