1- ლი იანვრიდან, საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე, სატრანსპორტო საშუალებების ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილება აიკრძალა. ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნაც დაწესდეს.
როგორც საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე BMGTV-ს გადაცემა, „საქმიან დილაში“ აცხადებს, აღნიშნული რეგულაცია საჭირო იყო, ვინაიდან ზამთარში ავტომობილის მდგრადობა და გზის საფართან ჩაჭიდება, საბურავის საშუალებით ხდება.
მისივე ინფორმაციით, ზამთრის საბურავების პრობლემა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. საქართველოში კი იქიდან გამომდინარე, რომ ყინვა და სიცივე ყველაზე ცოტა პერიოდითაა, ადამიანები ამ პერიოდის გადავლას ცდილობენ.
„ზამთრის საბურავების კუთხით ევროპაში კარგი გამოსავალი იპოვეს, როდესაც შედარებით დაბალ ფასიან დისკებზე საბურავები აქვთ აწყობილი და სეზონზე მას ამონტაჟებენ. ვფიქრობ, რომ ეს კულტურა ჩვენს ქვეყანაშიც ნელ-ნელა შემოვა. ზამთრის საბურავების სეზონზე დაყენება ბევრ საგზაო შემთხვევას თავიდან აგვარიდებს. პროცენტულად რომ ავიღოთ, ზაფხულის საბურავების მოჭიდება 5%-მდე ჩამოდის, რაც არაფერს ნიშნავს და საგზაო შემთხვევის საფრთხეს ქმნის.
რაც შეეხება ნეგატიურ მხარეს, საზოგადოების ინფორმირება იმ სიმძლავრით არ მომხდარა, რამდენადაც საჭირო იყო. თავიდანვე ვამბობდი, რომ ამის ადმინისტრირება იქნებოდა ურთულესი. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი პოლიციელებზე ტყდება, რომლებმაც კანონი უნდა აღასრულონ და გაყინულ საბურავებზე ფიფქის ნიშანი მოძებნონ, რომელიც კანონის თანახმად, ზამთრის საბურავის მანიშნებელია. თუმცა, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ზამთრის საბურავებს, უბრალოდ ზამთრის საბურავებს ჯაჭვების გარეშე ჩავთვლიდი, რადგან ჯაჭვების ადმინისტრირება კიდევ უფრო რთული საკითხი იქნებოდა,“- აცხადებს მელაძე.
საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დიდი რაოდენობით მეორეული და ახალი საბურავების იმპორტი განხორციელდა, შესაბამისად, ამ კუთხით საბურავების დეფიციტი არ შეიქმნება და მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
ამასთან, მელაძის განმარტებით, კანონში 10 წლამდე ზამთრის საბურავი იქნება დაშვებული, თუმცა საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის რეკომენდაციით, უმჯობესი იქნება, რომ ზამთრის საბურავების გამოყენება მხოლოდ 5 წლით მოხდეს.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ საცობებს, მელაძის თქმით, დედაქალაქში არ არის იმდენი ავტომობილის რაოდენობა, რომ ქალაქში ამხელა საცობი შეიქმნას და შესაბამისად, ფაქტია, რომ საჭიროა ახალი საპარკინგე ადგილების შექმნა.