მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში 10 000 ლარამდე ვიზარალეთ - Hill Inn-ის პრობლემები

61cb16fc0cd9b
ვიქტორია მღებრიშვილი
29.12.21 12:49
617

მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში ტურისტულმა ობიექტმა Hill Inn-მა დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემებისა და ჯავშნების გაუქმების გამო, დაახლოებით, 10 000 ლარით იზარალა.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას Hill Inn-ის თანადამფუძნებელმა დავით არძენაძემ აღნიშნა, 5 დღე ტურისტულ ობიექტს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, ძლიერი ყინვების გამო კი ონკანები დაიბერა, წყლის მილები გაფუჭდა, რადიატორი აფეთქდა, ბოილერი გასკდა, თუმცა  სირთულეები დეკემბრის დასაწყისში დაიწყო.

"დეკემბრის დასაწყისში "ენერგო პრო ჯორჯიას" ტრანსფორმატორი აფეთქდა, რის გამოც ტექნიკა დაზიანდა. ზარალი დაახლოებით, 3 000 ლარი იყო. ამ დღეების კი, განმავლობაში დიდთოვლობის, ენერგომომრაგების ხანგრძლივი შეზღუდვისა და ყინვების გამო, დაზიანებული გაყვანილობების ღირებულება ჯერ არ დაგვითვლია. აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა - 3 ნომერი სრულად გავაკეთეთ, ხოლო მეოთხე ნომერშიც შიდა ინფრასტრუქტურა ხვალისთვის იქნება მზად; ამის შემდეგ გვეცოდინება დამატებითი ხარჯის მოცულობა, რომლის გაწევაც ბოლო დღეებში მოგვიწია. შედეგად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჯავშნები სრულად გაგვიუქმდა. უკან მოგვიწია თანხების დაბრუნება. დაახლოებით, 7-8 ათასი ლარის ღირებულების 28 ჯავშანი გაგვიუქმდა“, - აღნიშნა დავით არძენაძემ.

მისი ინფორმაციით, დიდთოვლობის მიუხედავად, Hill Inn-ი ამ პერიოდშიც სრული დატვირთვით მოქმედებს, რომ არა ის სირთულეები, რაც მაღალმთიან აჭარაში მოქმედ ბიზნესს ექმნება. ტურისტულ ობიექტი როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებს მასპინძლობს. უცხოელებს შორის ყველაზე დიდი მოთხოვნა არაბულ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მოდის.

კითხვაზე - როგორ ესახებათ არსებული გამოწვევების გადაჭრა, იმისთვის რომ "ლაქშერი კემპინგმა" შეუფერხებლად იმუშაოს, დავით არძენაძე ამბობს: „ენერგომომარაგების პრობლემას იმ შემთხვევაში გადავჭრით თუ ენერგოგენერატორს შევიძენთ, ეს კი ჩვენთვის დიდ თანხასთან, დაახლოებით, 10 000 დოლართან არის დაკავშირებული“.

ცნობისთვის: ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში ტურისტული ობიექტი Hill Inn-ი 2020 წლის მაისში 2 ნომრით ამოქმედდა, თუმცა 2021 წელს დამფუძნებლებმა ბიზნესის 2 ნომრით გაფართოება შეძლეს და დღეისთვის განსხვავებული კონცეფციის სივრცე სტუმრებს 4 ნომერში მასპინძლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები