მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეკემბერში $60 მლნ-ის მოცულობის მწვანე ობლიგაციების გამოშვებას ვგეგმავთ - IG Development

ლაშა კახიშვილი

"სითი მოლის" მფლობელი კომპანია IG Development-ი მიმდინარე წლის ბოლოს მორიგი, ამჯერად 60 მლნ დოლარის მოცულობის საჯარო კორპორაციული ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.

როგორც კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ლაშა კახიშვილმა BMG-ის განუცხადა, კომპანიისთვის ეს ტრანზაქცია პირველი მწვანე ემისია იქნება. მისი თქმით, მზარდი კომპანიისთვის კაპიტალის ბაზარზე გასვლა და ობლიგაციების გზით ფინანსების მოზიდვა მნიშვნელოვანია.

“IG Development-ი 2022 წლიდან მუშაობს ობლიგაციების მიმართულებით. ამ ეტაპზე უკვე ხუთი ემისიის განთავსება გვქონდა და დეკემბერში ვგეგმავთ ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდ ტრანზაქციას, რომელიც 60 მილიონ დოლარს გაუტოლდება. ეს იქნება მწვანე ემისია IG Development-ისთვის.

კორპორაციული ობლიგაციების ინსტრუმენტი ჩვენთვის ამ ეტაპზე იდეალურია, რადგან კომპანია ზრდის ეტაპზეა. ახლა მიმდინარეობს გლდანის და საბურთალოს სავაჭრო ცენტრების გაფართოების პროექტი. ჩვენი ჯამური გასაქირავებელი ფართი ფაქტობრივად უნდა გაორმაგდეს და ზრდის ეტაპისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ობლიგაციების გამოშვება”, - განაცხადა ლაშა კახიშვილმა.

რაც შეეხება გამოწვევებს, IG Development-ში ამბობენ, რომ ემიტენტებისთვის მთავარი დაბრკოლება ინვესტორების ლიმიტირებული ბაზაა.

“რაც შეეხება გამოწვევებს, როგორც ყველა ემიტენტისთვის საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, ლიმიტირებული ინვესტორთა ბაზაა. ჩვენ მწვანე სერტიფიკატზე რეალურად მუშაობა იმიტომ დავიწყეთ, რომ გაგვეზარდა ინვესტორთა ბაზა და უფრო ახალი, გრძელვადიანი ინვესტორები დაგვეინტერესებინა, ისევე როგორც კერძო პირები, ინსტიტუციონალური ინვესტორები, საერთაშორისო ბანკები, რომ უკვე ისინი შემოვიდნენ ფინანსირებაში”, - აღნიშნა ლაშა კახიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები