მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეკემბერში თბილისის სასტუმროებში კადრების 15% ვერ შევინარჩუნეთ - შალვა ალავერდაშვილი

სასტუმრო

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დეკემბერში დასაქმების ბაზარზეც აისახა. დასაქმების სააგენტოებში ვაკანსიები შემცირდა. HR.GE-ს მონაცემებით, განსაკუთრებული კლება ჰორეკა სექტორშია, სადაც ბოლო 3 თვეში ვაკანსიები 17%-ით შემცირდა.

სასტუმრო სექტორში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს სასტუმროების ფედერაციის თანადამფუძნებელიც. შალვა ალავერდაშვილის თქმით, თბილისის სასტუმროებში დეკემბერში კადრების 15%-მდე შენარჩუნება ვერ მოხერხდა. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, მიზეზი რთული ფინანსური მდგომარეობაა, რის გამოც სასტუმროების ნაწილმა ხელფასების გადახდა ვერ შეძლო.

„დეკემბერში 15%-მდე კადრების შენარჩუნება ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, კადრები ვერ შევინარჩუნეთ, რადგან ფიზიკურად ვერ გადავიხადეთ ხელფასები და იგივე ტენდენცია ნარჩუნდება ახლა, იანვარში. ისევ ისე მიმდინარეობს კადრების შემცირება და ახალი ვაკანსიების გამოცხადება არ ხდება. ეს ეხება თბილისს.

ყველაზე რთული პერიოდი ახლაა, აპრილის ბოლომდე. ძალიან ბევრმა მეპატრონემ გადაწყვიტა, რომ კადრები შეინარჩუნონ და თანხები სხვა ბიზნესიდან გადმოიტანონ ჩვენს ბიზნესში. შესაბამისად კადრების შენარჩუნება ხდება სხვა ბიზნესიდან გადმოსული დონაციებით“,- აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

PMCG-ის დასაქმების თრექერის მიხედვით, დეკემბერში jobs.ge-ზე 4,964 ვაკანსია გამოქვეყნდა. ნოემბერთან შედარებით კლება 20.2%, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი 5%-ია. ვაკანსიების კლებაზე საუბრობენ დასაქმების სააგენტო Hr.ge-ში. სააგენტოს წარმომადგენელი ინგა შახბაზიანი BMG-სთან აცხადებს, რომ დეკემბერში, წინა წლის დეკემბერთან შედარებით, ვაკანსიების 2%-იანი კლებაა, 2024 წელი კი ჯამში 5%-იანი კლებით დაიხურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები