მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან “საქართველოს რკინიგზის” 11,000 თანამშრომელს ხელფასი 10%-ით გაეზრდება, - ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ “საქმიანი დილისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კერძოდ, შემდეგი თვიდან ხელფასის 10%-იანი ზრდა შეეხებათ „საქართველოს რკინიგზის“ იმ თანამშრომლებს, რომელთა შრომის ანაზღაურება 1500 ლარს არ აღემატება.
„დადებითი პროგნოზების ხარჯზე, ჩვენ გადავწყვიტეთ, 2019 წლის 1 დეკემბრიდან ყველა თანამშრომელს, რომლის ანაზღაურება არ აღემატება 1500 ლარს, ხელფასი გაეზარდოს 10%-ით. ეს წლიურ ჭრილში 18-19 მლნ ლარია, რაც საკმაოდ დიდი თანხაა, მაგრამ ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით - 11, 000 თანამშრომელი მიიღებს გაზრდილ ხელფასებს. ესაა პირველი ნაბიჯი. დაახლოებით, 6-7 წელია რკინიზგის თანამშრომლებზე ხელფასების მატება არ ყოფილა და ვიმედოვნებთ, ეს ზრდა გაგრძელდება ყოველწლიურად“, - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა.
დავით ფერაძეს გადაცემის წამყვანმა გიორგი ისაკაძემ ასევე ჰკითხა - დღეს „საქართველოს რკინიგზა“ გამართული ეკონომიკური სუბიექტია თუ სახელმწიფო, სოციალური კომპანია 12 000-ზე მეტი დამსაქმებლით, რაზეც რკინიგზის ხელმძღვანელმა ფაქტობრივად, უპასუხა, რომ კომპანია ითვალისწინებს სოციალურ ტვირთს.
„საქართველოს რკინიგზა“ 12,300 ადამიანს ასაქმებს, რომელთა უკან ოჯახები დგას ანუ ჯამში, 40,000 ადამიანზეა საუბარი. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ რკინიგზა გაშლილია მთელს რეგიონში, ზოგან არის მიუსვლელი ადგილები. რა თქმა უნდა, კომერციული თვალსაზრისით, თითქმის ყველა განშტოება დასახურია, მაგრამ ვითვალისწინებთ რა, სოციალურ მდგომარეობას, ასევე იმას, რომ დღესდღეობით, ძალიან დიდი თანხები იდება რეგიონის განვითარებაში, წლების განმავლობაში არ დაგვიკეტია არცერთი განშტოება. თუ მაგალითად, 2012 წელს იყო 22 მლნ ტონა ტვირთი და დღეს გვაქვს 10 მლნ ტონა, თანამშრომლების რაოდენობა იგივე დარჩა. ეს საკმაოდ დიდი ტვირთია, მაგრამ მას ჩვენ ჩვენს თავზე ვიღებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, თანამშრომლები შევინარჩუნოთ“, - განაცხდა დავით ფერაძემ.




























