მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დელეგატები მაჟორიტარების ნაცვლად, საკრებულოს წევრობისთვის გაუქმებული ბარიერი - რას ცვლის "ოცნება" საარჩევნო კოდექსში?

არჩევნები

„ქართლი ოცნების“ აპარატის მიერ საქართველოს საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებით, მმართველი პარტია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. ასევე, პროპორციული საარჩევნო სისტემის გაუქმების შემდეგ, გაუქმებულ მაჟორიტარების ინსტიტუტს დელეგატები ჩაანაცვლებენ, თუმცა ისინი პროპორციულ საარჩევნო სიაში იქნებიან ინტეგრირებული.

მმართველი პარტიის პროექტის მიხედვით, საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ამომრჩეველთა მეტ ხმას მიიღებს, ანუ მეორე ტური აღარ ჩატარდება. "საარჩევნო კოდექსის" ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი მიიჩნევა, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, კანონის პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვის შემდეგ, აღარ იარსებებს რეგიონალური პრინციპით დანერგილი წარმომადგენლების - მაჟორიტარების ინსტიტუტი.

შესაბამისად, საქართველოს რეგიონებში არსებული, განსხვავებული გარემო-პირობებიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის შექმნილ საჭიროებებზე მყისიერი და შესაბამისი კომპეტენციის რეაგირების გაწევის მიზნით, პარტიები უფლებამოსილნი იქნებიან, პარტიული სიების ფორმირებისას, განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის ან/და მუნიციპალიტეტის ნაწილის დელეგატი.

წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, ცვლილება შედის საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, კერძოდ:

  • კოდექსის 115-ე მუხლის ემატება 61 პუნქტი, რომლის მიხედვითაც პარტია უფლებამოსილი
    გახდება, პარტიული სიის შედგენისას, საარჩევნო ოლქის (ოლქების) ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. პარლამენტის წევრობის კანდიდატი შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად. ამ შემთხვევაში, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ მიეთითება იმ საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც არის იგი წარდგენილი;
  • 149-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდება ახლებურად, შედეგად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ნადმვილ ხმას მიიღებს. თუ აღნიშნულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა ორმა ან ორზე მეტმა კანდიდატმა თანაბარი რაოდენობით მიიღო, ამ კანდიდატთაგან არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.

საკითხი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები