მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Dell-ის CEO-მ ტეხასის უნივერსიტეტს “მომავლის საავადმყოფოს” ასაშენებლად $1 მლრდ შესწირა

დელები

Dell Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ დელმა და მისმა მეუღლემ, Dell Foundation-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სუზან დელმა ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტს (UT Austin) სამედიცინო კვლევების განვითარებისთვის მხარდაჭერა გამოუცხადეს და უნივერსიტეტის ისტორიაში პირველი მილიარდდოლარიანი დონორები გახდნენ.

დელებმა მიმდინარე კვირაში მოწინავე კვლევებისთვის განკუთვნილი UT Dell Campus-ისა და UT Dell Medical Center-ის გეგმები წარადგინეს.

დელების უახლესი, 750 მილიონი დოლარის ინვესტიცია კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებაზეა მიმართული, რათა ადამიანთა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად შეიქმნას ის, რასაც ისინი "მომავლის საავადმყოფოს" უწოდებენ.

დაგეგმილი სამედიცინო ცენტრი ფოკუსირებული იქნება "სრულად ინტეგრირებულ, პაციენტზე ორიენტირებულ მოდელზე, რომელიც AI-სა და მოწინავე გამოთვლითი ტექნოლოგიების მეშვეობით პრევენციას, დიაგნოსტირებას, მკურნალობასა და კვლევას ერთმანეთთან დააკავშირებს". ოფიციალური პირების განცხადებით, ეს მიდგომა მიზნად ჯანდაცვის სფეროში სიზუსტის გაუმჯობესებასა და მკურნალობის უკეთესი შედეგების მიღწევას ისახავს.

მაიკლ დელის თქმით, ეს ინვესტიცია მედიცინის, მეცნიერებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გადაკვეთაზე "იდეების რეალობად ქცევას" ისახავს მიზნად. მან ასევე გაიხსენა უნივერსიტეტის დევიზი და აღნიშნა, რომ ეს ძალისხმევა სწორედ მას ეხმიანება: "ის, რაც აქ იწყება, ცვლის მსოფლიოს".

ახალ დაწესებულებაში ინტეგრირებული იქნება ტეხასის უნივერსიტეტის (UT) MD Anderson-ის კიბოს ცენტრი.

დელების შემოწირულობა ასევე დააფინანსებს სტუდენტურ სტიპენდიებს, საცხოვრებლებსა და სუპერკომპიუტერული სიმძლავრეების გაფართოებას.

ეს ინვესტიცია სათავეს უდებს UT Austin-ის უფრო ფართო მიზანს - მომდევნო ათწლეულში 10 მილიარდი დოლარის მოზიდვასა და აშშ-ის საუკეთესო 10 სამედიცინო ცენტრს შორის ადგილის დამკვიდრებას.

ოფიციალური პირების განცხადებით, უნივერსიტეტი მშენებლობის დაწყებას 2026 წლის ბოლოს გეგმავს, ხოლო UT Dell-ის სამედიცინო ცენტრი, სავარაუდოდ, 2030 წელს გაიხსნება.

ტეხასის უნივერსიტეტის სისტემის თავმჯდომარემ, ასევე დააანონსა, რომ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს, სადაც თავის დროზე მაიკლ დელი ცხოვრობდა, სახელი გადაერქმევა და Dell House ("დელის სახლი") ეწოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები