დემოკრატებმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს უფრო მეტი პატივისცემით უნდა მოეკიდონ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უარყოფითად აისახება ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიაზე, - ამის შესახებ მსოფლიოს უდიდესი ბანკის, JPMorgan Chase-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმა “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში” განაცხადა, რომელიც შვეიცარიის ქალაქ დავოსში იმართება.
“ვნატრობ, დემოკრატებმა სიფრთხილე გამოიჩინონ, როცა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებზე საუბრობენ, რადგან ამ უარყოფითმა საუბარმა, შესაძლოა, ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანია დააზიანოს”, - განაცხადა დაიმონმა.
ის, რაზედაც JPMorgan Chase-ის გენერალური დირექტორი საუბრობს, დემოკრატიული პარტიის და თავად ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო რიტორიკას უკავშირდება, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები, რომელთაც ჯეიმი დაიმონი კოლექტიური ტერმინით - MAGA-თი მოიხსენიებს, ამერიკული დემოკრატიისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენენ. ჯეიმი დაიმონის შეფასებით, სწორედ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების გაიგივება ზოგადად რესპუბლიკელებთან არის ის, რამაც, შესაძლოა, პრობლემა წარმოშვას.
დავოსში ყოფნისას, ჯეიმი დაიმონმა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო პერიოდიც გაიხსენა და გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, ყოფილი პრეზიდენტი შეაქო კიდეც.
“მოდი, საკითხს რეტროსპექტივაში შევხედოთ. დონალდ ტრამპი, გარკვეულწილად, მართალი იყო NATO-სა და ემიგრაციის შესახებ. მის დროს ეკონომიკაც მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო სავაჭრო გადასახადის რეფორმამ გაამართლა. ამასთან, ის მართალი იყო ჩინეთთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხებშიც”, - აღნიშნა ჯეიმი დაიმონმა დავოსში. მსოფლიოს უდიდესი ბანკის ხელმძღვანელს მომავალი პრეზიდენტის შესახებაც ჰკითხეს, რაზედაც მან უპასუხა, რომ ორივე არჩევანისთვის მზად არის და იმედს იტოვებს, რომ ვინც მოიგებს, სხვებს პატივს სცემს.
ჯეიმი დაიმონი, როგორც ცნობილია, დემოკრატიულ პარტიას უჭერს მხარს და მისი ერთ-ერთი შემომწირველიცაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, გასული წლის ნოემბერში მან ღიად დაუჭირა მხარი დონალდ ტრამპის ერთ-ერთი კონკურენტს, გაეროში აშშ-ის ყოფილ ელჩს, რესპუბლიკელ ნიკი ჰეილის.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ქალაქ დავოსში “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” იმართება, რომელსაც ქვეყნების ლიდერები, საერთაშორისო კორპორაციების დამფუძნებლები, ბიზნესლიდერები, აკადემიური წრეებისა და პოპულარული კულტურის წარმომადგენლები ესწრებიან. დავოსის “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” საქართველო ოფიციალური დელეგაციითაა წარმოდგენილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ფორუმი 15 იანვარს დაიწყო და 19 იანვარს დაიხურება.