ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სხდომაზე საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.
საკუთარ გამოსვლაში დეპუტატებმა გაიმეორეს კრიტიკული შეფასებები და შეშფოთება "რუსულ კანონთან" და საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„კანონი შეუსაბამოა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან. ვენეციის კომისიის მოსაზრების თანახმად, რომლის დასკვნებს სრულად ვიზიარებთ, კანონი ფუნდამენტურად არასწორია, აზიანებს პოლიტიკურ პლურალიზმს და დემოკრატიას. არსებული ფორმით, კანონი უნდა გაუქმდეს“,- განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელმა ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC).
საქართველოს საკითხებში საპარლამენტო ასამბლეის კიდევ ერთმა თანამომხსენებელმა, კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) ხაზი გაუსვა კანონის მიღების საკითხს მოახლოებული არჩევნების კონტექსტში და განაცხადა, რომ ის ნეგატიურ გავლენას მოახდენს არჩევნების ჩატარებაზე. მან ასევე შეშფოთება გამოთქვა ცვლილებებზე, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი შეცვალა.
„საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ აჩვენეს, რომ არიან ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთგულნი და სურთ ევროინტეგრაციის გაგრძელება. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი შეკითხვა საქართველოს ხელისუფლებასთან, კვლავ ხართ ევროპული მომავლის ერთგული და მზად ხართ შეასრულოთ თქვენი ვალდებულებები? თუ ასეა, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩავერთვებით დიალოგში“,- თქვა კლოდ კერნმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია და დემოკრატიის განვითარება საფრთხეშია.
„რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა გადაწყვიტა, შეცვალოს საქართველოს გეოპოლიტიკური გზა ევროპიდან რუსეთში, დემოკრატიული განვითარებიდან ოლიგარქიული სისტემისკენ. რუსული კანონი მხოლოდ მცირე ასპექტია რუსი ოლიგარქის დიდ გეგმაში, რომ გააძევოს ევროპა რეგიონიდან და გაზარდოს რუსული გავლენა. რაც ახლა ხდება საქართველოში, მხოლოდ ქართველების ბრძოლა არაა, ეს ევროპულიც არის. თუ საქართველოში დემოკრატია დამარცხდება, ევროპული ღირებულებები მთელ რეგიონში დამარცხდება“,- თქვა წითლიძემ.
უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ კი განაცხადა, რომ, რაც საქართველოში ხდება, ბელარუსიზაციაა.
„ჩვენი თვალებით ვხედავთ საქართველოს ბელარუსიზაციას. რუსი ოლიგარქი ივანიშვილი უკვე ღიად ამართლებს რუსეთის აგრესიას უკრაინაში და საქართველოშიც კი. ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოში, რომ რუსეთი არ დასხმია თავს საქართველოს 2008 წელს. რუსეთი არ ყოფილა, ვინც თავს დაესხა უკრაინას 2014 და 2022 წლებში, ეს არის ე.წ. დასავლური გლობალური ომის პარტია, ეს ჩვენ ვართ, რადგან განვიხილავთ საქართველოს და გვსურს ევროპაში ვნახოთ”,- განაცხადა გონჩარენკომ.