რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის შეფასებით, "რუსული კანონი" შესაჩერებელია. მისი მოსაზრებით, "რუსული კანონის" რეესტრში ალბათ, დაახლოებით, ორგანიზაციების 10-15% დარეგისტრირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონს 85% არ ემორჩილება.
"ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთ კანონს, რომელსაც 85-90 პროცენტი არ ემორჩილება იმწამსვე შეაჩერებდნენ, თავად მთავრობა, ან სასამართლო, რადგან 90%-ს უბრალოდ ვერ დასჯიან", - წერს იგი სოციალურ ქსელი.
საიდან ივარაუდა კახა გოგოლაშვილმა აგენტების რეესტრში რეგისტრაციის მომთხოვნთა აღნიშნული პროცენტი, იგი ამაზე საკუთარ ანალიზს გვთავაზობს:
"აგენტების რეესტრში რეგისტრაციის მომთხოვნთა პროცენტს ბევრი არასწორად ითვლის. 33000 არასამთავრობო ორგანიზაციას იღებენ საფუძვლად. მაგრამ, გვავიწყდება, რომ ამ რაოდენობის ორგანიზაციები არ იღებენ უცხოურ დაფინანსებას. უმეტესობა კი საერთოდ არ ფუნქციონირებს.
კანონი მოითხოვს მათ რეგისტრაციას, ვინც 20%-ით მაინც ფინანსდება უცხოეთიდან, პირდაპირ ან ირიბად. ანუ, სუბ-გრანტებით ან მომსახურების კონტრაქტებით. პირდაპირ დაფინანსებულები ალბათ დაახლოებით 400-500 ორგანიზაციას წარმოადგენენ (შესაძლოა მეტი, სტატისტიკას არ ვფლობ), ხოლო მაქსიმუმ კიდევ 1000-1500 იქნება ირიბი დაფინანსების მიმღები. ამიტომ დაახლოებით 250 ორგანიზაცია, ვინც აპირებს დარეგისტრირებას, რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების დაახლოებით 10-15 პროცენტს შეადგენს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ბევრად აღემატება იმ წილს, რასაც ასახელებენ, მაგრამ მაინც კანონის ჩავარდნაზე მეტყველებს. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთ კანონს, რომელსაც 85-90 პროცენტი არ ემორჩილება იმწამსვე შეაჩერებდნენ, თავად მთავრობა, ან სასამართლო, რადგან 90%-ს უბრალოდ ვერ დასჯიან.
შეუძლებელია კანონი იყოს დემოკრატიული, თუ მას არ ემორჩილება კანონის მოქმედების არეალში მოხვედრილი სუბიექტების ასეთი მაღალი პროპორცია. მაგრამ საქმე მარტო დემოკრატიაში არ არის. კანონის უზენაესობა შეიძლება სხვა სახის სახელმწიფოებრივ მოწყობაშიც ანალოგიურად მოქმედებდეს. ამის კლასიკური მაგალითია მოყვანილი ლოპე დე ვეგას (მე-16 საუკუნის დიდი ესპანელი მწერალი) "ცხვრის წყაროში" (Fuente ovejuna). სადაც გამომძიებელმა მოსამართლემ მეფეს მისცა ფეოდალის მკვლელი სოფლის მოსახლეობის შეწყალების რეკომენდაცია, რადგან ცალკე კონკრეტული დამნაშავე ვერ დაადგინა, ხოლო მთელი სოფლის დასჯა შეუძლებლად და გაუმართლებლად მიიჩნია. მაშინაც სოფელი უსამართლო კანონის - "პირველი ღამის უფლების", წინააღმდეგ აჯანყდა. მეფემ მე-16 საუკუნეში გაამართლა და შეიწყალა სოფელი. ჩვენ კი ახლა 21-ე საუკუნეში ვართ", - წერს იგი.
"რუსული კანონის" რეესტრში რეგისტრაციის ვადა დღეს 18:00 საათზე უნდა ამოწურულიყო. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თამარ ტყეშელაშვილის თქმით, 18:00-საათისთვის საჯარო რეესტრს უცხო ძალის ინტერესის გამტარად რეგისტრაციისთვის 469 ორგანიზაციამ მიმართა. როგორც ტყეშელაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა, ინფორმაცია განახლდება, რადგან საჯარო რეესტრის ფილიალებში რეგისტრაციის მსურველთა რიგია.