ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ახლახან მიღებული ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო კანონმდებლობა და თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებებისგან, რომელიც შემდგომ საფრთხეს შეუქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს, არღვევს ადამიანის უფლებებს ან ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძვლებს.
კონგრესის 47-ე პლენარულ სესიაზე, რომელიც სტრასბურგში 15-17 ოქტომბერს მიმდინარეობდა, საქართველოში არსებულ ვითარებაზე დებატები გაიმართა, რის შემდეგაც საქართველოზე დეკლარაცია მიიღეს.
კონგრესმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც განაახლეს რეიკიავიკის დეკლარაციაში 2023 წლის მაისში. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ.
დეკლარაციაში კონგრესმა გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნების გამო, რაც გამოიხატება საზოგადოების გაზრდილი პოლარიზაციით და ევროპის საბჭოს სტანდარტების საწინააღმდეგო კანონმდებლობის ამოქმედებით.
კონგრესმა ასევე ხაზი გაუსვა მის მზაობას განაგრძოს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან და მისი მუდმივი მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის მიმართ ყველა დონეზე, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის დაცვისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე პლენარული სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია მონაწილეობდნენ. სესიის ფარგლებში თბილისის საკრებულოს დელეგაცია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა. ალენ ბერსემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში არჩევნები მშვიდ და სტაბილურ გარემოში ჩატარდეს, დამკვირვებლების ჩართულობით.
"ეს მოგვცემს გარანტიას, რომ შედეგები იქნება სანდო და რეალური. შედეგი უნდა იყოს ის, რაც სურს ქართველ ხალხს. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო და ვიცით, რომ მსოფლიო საზოგადოებამ და მათ შორის ევროპულმა ორგანიზაციებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები. მე ნიუ-იორკში მქონდა შეხვედრა საქართველოს ხელისუფლებასთან, იქ ჩვენ შევთანხმდით იმ საერთო ღირებულებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროპის კონტინენტისთვის. ჩვენ გვქონდა კითხვები საქართველოში ბოლო ხანს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლების პოზიციები და აღსანიშნავია, რომ პატივს ვცემთ განსხვავებულ აზრს. ვთვლით, რომ არჩევნების ჩატარების შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარება უნდა შეფასდეს“, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.