ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამი ამბობს, რომ ევროკავშირს მოუწოდებს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს. მიზეზი ჟურნალისტებზე, აქციის მონაწილეებზე ძალადობა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებებია, რაც როგორც მინისტრი წერს, მიუღებელია.
"სწორედ ამიტომ ნიდერლანდები მოუწოდებს ევროკავშირს შეაჩეროს საქართველოსთან უვიზო რეჟიმი. მივესალმები ბალტიის ქვეყნების ინიციატივას ინდივიდუალური მოგზაურობის აკრძალვის დაწესების შესახებ", - წერს კასპარ ველდკამი X-ზე.
ადამიანთა უფლებების დარღვევის გამო, ბალტიის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესეს.
ბალტიის სამ ქვეყანაში [ლიეტუვა; ლატვია და ესტონეთი] შესვლა აეკრძალათ: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს; ალექსანდრე დარახველიძეს და გიორგი ბუთხუზს. ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილეებს მილერი ლაგაზაურს და მირზა კეზევაძეს, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) ვაჟა სირაძესა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს თეუმურაზ კუპატაძეს. სავიზო შეზღუდვის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა დაწერა.