მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დემონტაჟი თუ რეაბილიტაცია - რესპუბლიკურთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე მიიღებენ

6433d9ca14302
ვიქტორია მღებრიშვილი
10.04.23 13:55
625
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სახელმწიფო წლის ბოლომდე, მას შემდეგ მიიღებს, რაც ყველა სახის დასკვნა დაიდება. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენი კომენტარები და შეფასებები ამ შენობის მყისიერად რეაბილიტაციას ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა. ჩვენ ექსპერტების მხრიდან საბოლოო დასკვნებს ველოდებით. ჩვენი კომენტარები და შეფასებები პირველადი შეფასებებიდან გამომდინარე იყო, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს და დიდი ალბათობით იგულისხმებოდა შენობის რეაბილიტაციის ნაცვლად, ხარჯთეფექტიანობიდან გამომდინარე შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების ახალი კლინიკის აშენება.

ამ კვარტლის ბოლოს ან მესამე კვარტლის დასაწყისში ჩვენ გვექნება დასკვნა. მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე 4-5 ტიპის სხვადასხვა დასკვნას ველით, როგორც სამხარაულის ექსპერტიზიდან, ასევე ქვეყნის გარეთ სხვადასხვა კონსულტანტების და ექსპერტების ჩართულობით ვაკეთებთ. მინდა დოკუმენტურად კარგად დავრწმუნდეთ იმაში, რა არის საჭირო ქვეყნისთვის, რომელი გადაწყვეტილება იქნება ამ დასკვნებიდან გამომდინარე ყველაზე სწორი. ერთი, რასაც ვადასტურებ მთავრობის მიერაა მიღებული, რომ თბილისში სახელმწიფო უნდა იყოს წარმოდგენილი დაახლოებით 500-საწოლიანი მძლავრი, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე კლინიკით და ამის მისაღწევად ყველა არსებულ რესურსს გამოვიყენებთ, რომ სწორად განვახორციელოთ როგორც საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას, ასევე ქვეყანას მალე გონივრულ ვადებში ჰქონდეს მაღალი დონის კლინიკა.

წლის ბოლომდე აუცილებლად გვეცოდინება, მოხდება დემონტაჟი თუ რეაბილიტაცია. ზუსტი თარიღის თქმა გამიჭირდება, თუმცა მედპერსონალი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ რესპუბლიკურის მედპერსონალთან რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ და ამიერიდან მუდმივ რეჟიმში მიაწვდიან იმ განახლებულ ინფორმაციას, რომელიც უწყებას ექნება. მინისტრმა ისიც თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კლინიკა და მედპერსონალი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

„შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმაზე. შეიძლება, გასული პერიოდის განმავლობაში ცუდი კომუნიკაციის ბრალი და მიზეზი იყო ის, რომ მათი მხრიდან გარკვეული პროტესტი იყო, რაც ჩემთვის სრულიად გასაგებია. შევთანხმდით იმაზე, რომ ეტაპობრივად გარკვეული ინფორმაციის მიღების შემდეგ, მათ ამ ინფორმაციას გავაცნობთ და მათთან ერთად შევჯერდებით იმ გადაწყვეტილებაზე, რაც შეეხება კლინიკის დემონტაჟს, რეაბილიტაციას, სართულების ცვლილებას თუ სხვა“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები