„თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალ, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკას ავაშენებთ“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა , აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს.
“ჩვენ, 2020 წლიდან აქტიურად დავიწყეთ კლინიკებში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, 2024 წლის ბოლომდე კი სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულება აქვთ. ასევე, შემოვიტანეთ სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტები და სამინისტრო აღნიშნულზე აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს. ეს ყველაფერი, სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან ერთად მიგვიყვანს იქამდე , რომ ქვეყანაში მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება იქნება.
5 სხვადასხვა, დამოუკიდებელი დასკვნის მიხედვით, სამწუხაროდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეისათვის არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია. ასევე გვაქვს ბოლო დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, სადაც ჩვენ ვთხოვდით დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, თუ იქნებოდა შესაძლებელი არსებული შენობის რეაბილიტაცია, მასზე დანახარჯების გაწევა და საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა. ისინი მუშაობდნენ დამოუკიდებელ მაკრედიტებელ კომპანიასთან ერთად, რომელიც იყო ამავდროულად ჩვენი კონსულტანტი იმ ნაწილში, თუ როგორი საერთაშორისო სტანდარტის უნდა იყოს ახალი კლინიკა და ამ დასკვნის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ არსებული კლინიკის რეაბილიტაციის შემთხვევაში, კლინიკაში ჩასატარებელი ყველა საჭირო და აუცილებელი სამუშაო ,არც მიზანშეწონილი და არც ხარჯთეფექტური არ იქნებოდა.
შედეგად, ჩვენ შემოთავაზებული გვაქვს შენობის გარკვეული ნაწილის დატოვება, ეს წინა შენობაა 2-სართულიანი, ხოლო ძირითადი სამკურნალო კორპუსი რაც არის, იქ ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრის აშენება, რომელიც იქნება 500 საწოლზე გათვლილი და ექნება ყველა ის მიმართულება თუ პროფილი, რაც აუცილებელია მრავალპროფილური კლინიკისთვის.
ასევე, მინდა დავამატო, რომ რამდენიმე დღის წინ ძლიერი ქარის დროს იმ ფასადმაც კი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს, დაიწყო ცვენა, კონსტრუქცია არის საკმაოდ ამორტიზებული და აქ გვაქვს კიდევ ერთი დამატებითი დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, სადაც არის მითითებული, რომ გადაუდებლად აუცილებელი და საჭიროა აღნიშნული ფასადის დემონტაჟი. შესაბამისად, ჩვენ მთავრობაზე ავიღეთ დღეს თანხმობა და დავიწყებთ არსებული ფასადის დემონტაჟის სამუშაოებს, ასევე ახალი კლინიკის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადების ღონისძიებებს. ეს ტენდერი უნდა იყოს აუცილებლად საერთაშორისო, რადგანაც საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ასეთი ისტორიული და მნიშვნელოვანი კლინიკის მშენებლობის და შექმნის პროცესში“, - განაცხადა აზარაშვილმა.