ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის კონცეფცია საავადმყოფოს თანამშრომლებს 10 აპრილს გააცნო. მაშინ პრეზენტაციაზე გაირკვა, რომ სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ დასკვნა რესპუბლიკურის შენობის მდგომარეობაზე 2018 და 2022 წლებში დადო.
ამ დასკვნის მიხედვით, საავადმყოფოს მაღლივი შენობის გარე ფასადი მწვავედ ავარიულია და დემონტაჟს საჭიროებს. როგორც მაშინ სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, გადაწყვეტილება თუ რა ბედი ელის არსებულ შენობას მხოლოდ დამატებითი კვლევების საფუძველზე იქნებოდა მიღებული.
ზურაბ აზარაშვილი BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ კვლევის შედეგები მომდევნო თვეს ცნობილი გახდება.
“რესპუბლიკურ საავადმყოფოს რაც შეეხება, ნოემბრის თვეში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ უკვე საბოლოო შედეგები გავაცნოთ საზოგადოებას, ასევე იქ დასაქმებულ ადამიანებს და ამის შემდეგ ყველას გექნებათ ინფორმაცია,”- ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.
ცნობისთვის, თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სრულ რეაბილიტაციას გეგმავს, რასაც საავადმყოფოს თანამშრომელთა პროტესტი მოჰყვა, რადგანაც რამდენიმეწლიანი რეაბილიტაციის პერიოდში კლინიკა ოპერირებას შეაჩერებს.
ამასთან, წარმოდგენილი კონცეფციის მიხედვით ახალი მრავალპროფილურ საავადმყოფოში დღეს არსებული 800-ის ნაცვლად 500 საწოლი იქნება და ტერიტორიაზე ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება, თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა და ტელემედიცინის სივრცეები მოეწყობა.